5 შეკითხვა "ელ კლასიკოს" წინ - შეცვლის "ბარსელონა" ისტორიას?

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს, "ნოუ კამპი" ლა ლიგის ეგიდით გასამართ 179-ე "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს.

აქამდე გამართულ 178 მატჩში თითქმის სრული თანაფარდობაა: 72-72 მოგება თითოეულ გუნდს, 34 ფრე, "ბარსელონა" მადრიდელებს მხოლოდ გატანილი ბურთებით სჯობს - 288:286.

აღსანიშნავია, რომ "ელ კლასიკოს" ისტორიაში, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით, "ბარსელონა"არასდროს ყოფილა წინ და კატალონიელებს ისტორიის შეცვლის შანსი დღეს აქვთ.

თუმცა დღევანდელ მატჩს ისტორიის შეცვლაზე მეტად უფრო რაციონალური მიზნებიც აქვს - გამარჯვებული წელს ლა ლიგას სათავეში დაასრულებს. არცერთ გუნდს მიმდინარე სეზონში ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი არ ჰქონია.

5 მთავარი შეკითხვა თამაშის წინ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემა Marca შეხვედრის წინ 5 მთავარ შეკითხვას სვამს. აღნიშნულ ფაქტორებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

  • მიუჩენს ზიდანი ფედე ვალვერდეს ლიონელ მესის?
საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე "რეალს" კაზემირო დაუბრუნდება, რაც ფედე ვალვერდეს მოედნის ნებისმიერ წერტილში გადაადგილების უფლებას მისცემს.

ჯერჯერობით უცნობია, რა როლს მიანიჭებს ზინედინ ზიდანი ახალგაზრდა ურუგვაელს "ნოუ კამპზე". შესაძლოა, სწორედ ვალვერდემ აიყვანოს მესი, თუმცა...

თუმცა გვახსოვს შემთხვევა, როცა ზიზუმ მატეო კოვაჩიჩი პერსონალურად მიუჩინა მესის. მართალია, ხორვატმა მთელი მატჩის განმავლობაში ამ ფუნქციას თავი კარგად გაართვა, თუმცა ამ როლით განპირობებულმა დაბნევამ აღნიშნული შეხვედრის ბედი გადაწყვიტა...

  • რომელი გუნდი დაიჭერს ბურთს?
როგორც წესი, ყველა "კლასიკოში" ასე ხდება: ბურთის ფლობაში უპირატესობა "ბარსელონას" აქვს და დღევანდელი მატჩი ისტორიის გამეორების გარკვეულ წინაპირობას იძლევა.

კატალონიელებს ლიგაში ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ - 64,1%, "რეალს" - 58,5%.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში მადრიდელები უფრო დიდხანს ფლობდნენ ბურთს, ვიდრე ჩვეულებრივ. ასევე, ვალვერდეს "ბარსელონა" გვარდიოლას გუნდისაგან საკმაოდ განსხვავდება და სულაც არაა გამორიცხული, "ბლაუგრანამ" ბურთის ტოტალურ კონტროლზე უარი თქვას.

  • რომელი გუნდის დაცვა იქნება უფრო საიმედო?
მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსი და ჟერარდ პიკე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველები არიან, გაუვალობითა და უშეცდომობით არცერთი გამოირჩეოდა.

დღევანდელ შეხვედრაში მათ თამაშს მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა ექნება. განსაკუთრებული როლი, ალბათ, სერხიო რამოსს აქვს, რომელიც "რეალის" უპირობო ლიდერია.

ეს "ელ კლასიკოა", სეზონის 2-დან პირველი უმნიშვნელოვანესი მატჩი გუნდებისათვის და აქ დაშვებული შეცდომები ძვირად ფასობს, ზოგჯერ სეზონის წაგებითაც კი. ამიტომ, როგორც "რეალის", ისე "ბარსელონას" დაცვას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. იმის გათვალისწინებითაც, რომ უკანმოუხედავად შეტევაში წამსვლელი არცერთი გუნდი არაა.

  • ვინ იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის სქემებს დაარღვევს?
ორივე მწვრთნელი შეეცდება, რომ ერთმანეთს ტაქტიკურად აჯობოს და საკუთარ კლუბს უპირატესობა ასე შეუქმნას.

დიდი ალბათობით, ზიდანი და ვალვერდე ისკოსა და ანტუან გრიზმანს გამოიყენებენ, მოთამაშეებს, რომლებსაც მოწინააღმდეგის სქემაში არეულობის შეტანა დაევალებათ.

გრიზმანი, ალბათ, კაზემიროსა და დანი კარვახალს შორის ითამაშებს და სწორედ ამ ზონაში შეეცდება სივრცეების პოვნასა და გამოყენებას.

დიდი ალბათობით, ზიზუც იმავე როლს მიანიჭებს ისკოს, თუმცა, უფრო ცენტრში და ესპანელიც ბუსკეტსსა და ფრენკი დე იონგის ზონებს შორის ჰარმონიის შეწყვეტას ეცდება.

  • ვინ შეიძლება იყოს მოულოდნელი გმირი?
მოსალოდნელია, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში "ელ კლასიკოს" მთავარი გმირები ანსუ ფატი, როდრიგო, ვინისიუს ჟუნიორი იქნებიან. თუმცა, მოახერხებენ კი ეს ახალგაზრდები 21-ე საუკუნის 10-იანი წლების ბოლო "კლასიკოში" თავის გამოჩენას?

ალბათ, სამივე მათგანი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. თუმცა, იმედია, რომელიმე მათგანი შედეგიანად გამოვა მოედანზე და "კლასიკოს" დამატებით ხიბლს შესძენს.

შემადგენლობები


  • "ბარსელონა"
კატალონიელებს ტრავმის გამო მხოლოდ არტური და უსმან დემბელე დააკლდებათ. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სათამაშოდ მზად არის.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა:

ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ხორდი ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი, მესი, გრიზმანი, სუარესი


  • მადრიდის "რეალი"
"ბარსელონასგან" განსხვავებით, მადრიდელებს გაცილებით დიდი დანაკლისი აქვთ. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: ედენ აზარი, მარსელო, ლუკას ვასკესი, ხამეს როდრიგესი.

მარკოს ასენსიო უკვე დიდი ხანია, გუნდს აკლია. ზიდანმა ოდრისოლა, ბრაჰიმ დიასი და მარიანო დიასი შემადგენლობის მიღმა დატოვა.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა:

კურტუა, კარვახალი, მენდი, რამოსი, ვარანი, კაზემირო, ვალვერდე, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა

შეხვედრა კიდევ ერთ ინტრიგას ატარებს: ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავას ქარიმ ბენზემა და ლიონელ მესი ლიდერობენ 12-12 გატანილი გოლით. მათ შორის ვინც დღეს მეტს გაიტანს, ის გახდება ლიდერი მეგოლეთა შორის.

შეხვედრა დღეს, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად ვუყურო ვინმე ხო არ იფით საიტი? სილქუნივერსალი არ აჩვენებს
აგლაგლა
21:11 18-12-2019
0
:D
:)))
20:50 18-12-2019
0

სიახლეები პოპულარული