როგორც იქნა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (თუ მთავრობამ) ელ კლასიკოს ჩატარება გადაწყვიტა, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ ფურია როხას მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკენ თქვა, ეს მატჩები ჩვენი ქვეყნის დაშლას გამოიწვევსო.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გამოცხადებულ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა - სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ივან რაკიტიჩი დააყენა სასტარტოში. ცნობისათვის, "ბარსამ" მიმდინარე სეზონში ბუსკეტსის გარეშე მატჩების 66.6% წააგო, ხოლო მასთან ერთად - 7.7%.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ პირველი მომენტები სტუმრებს ჰქონდათ, ჯერ ქარიმ ბენზემას დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა აიღო, ცოტა ხანში კაზემიროს თავური ჟერარდ პიკემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მერე ტერ შტეგენმა ორჯერ იყოჩაღა და მესიმ 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა - გატანა რამოსმა არ დაანება. ტაიმის დასასრულს ალბამ გარღვევის შემდეგ მესი კურტუას პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ისევ ვერ უწია. აღსანიშნავია შეტევაში ვალვერდეს აქტიურობაც, რომელმაც ორჯერ შორიდან უშდეგოდ სცადა გატანა.
მეორე ტაიმი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, თუმცა მომენტები ორივე კართან უფრო იშვიათად იქმნებოდა. გარეთ ბეილმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. ეგ იყო და ეგ - ფრე და პრიმერაზე ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა.
"ბლანკოსის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა 43-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა და რეკორდსმენი გახდა. მესიმ ამ გუნდების 42 მატჩში იასპარეზა.
17 წლის შემდეგ ელ კლასიკო პირველად დასრულდა უგოლოდ.
ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც "კამპ ნოუზე" პირველი 5 კლასიკო არ წააგო.
"რეალმა" 2007 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" პირველად არ გაუშვა გოლი - სერიამ 18 მატჩი შეადგინა.
"ბარსელონამ" 12 წლის შემდეგ პირველად "რეალს" საკუთარ მოედანზე ვერ გაუტანა.
ანსუ ფატი 1941 წლის შემდეგ ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 93 426 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 0:0
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (ვიდალი 55), პიკე, ლანგლე, ალბა, რაკიტიჩი, რობერტო, დე იონგი, სუარესი, მესი, გრიზმანი (ფატი 83)
რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩი 80), ისკო (როდრიგო 80), ბეილი, ბენზემა
რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩი 80), ისკო (როდრიგო 80), ბეილი, ბენზემა