კროოსმა კუთხურიდან ჩაახვია - "რეალმა" "ვალენსიას" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 იანვარს, საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალმა" "ვალენსია" 3:1 დაამარცხა.

"სამეფო გუნდმა" ყველა საფეხბურთო კომპენენტში დაჯაბნა ვიზავი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა.

ანგარიში პირდაპირ კუთხურიდან ტონი კროოსმა გახსნა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, "ღამურების" მეკარე ჟაუმე დომენეკმა ამ სეზონში ესპანეთის თასზე "ბეტისთან" მატჩშიც (2:2) გაუშვა კუთხურიდან გოლი. შემდეგ ისკომ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. ტაიმის დასასრულს მას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ თავურით ბურთი ძელს გაარტყა.

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და ლუკა მოდრიჩმა
ლამაზი დარტყმით მესამედ დაამწუხრა მოწინააღმდეგე. ხორვატმა ამ სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და 2011/12 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი დანი პარეხომ თერთმეტმეტრიანით პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ყველა ტურნირზე "ბლანკოსი" ბოლო 15 მატჩში დაუმარცხებელია (10 მოგება, 5 ფრე) და ეს 2017 წლის შემდეგ მისი საუკეთესო შედეგია.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" შეხვდებიან.

ჯიდა. "მეფე აბდულა". 40 877 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (15), 0:2 ისკო (39), 0:3 მოდრიჩი (66), 1:3 პარეხო (90+3, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული