14 ივნისს, ლა ლიგის 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 3:1 დაამარცხა.
"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გამო მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე მაყურებლების გარეშე გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე.
"რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 17 ივნისს, შემდეგ ტურში "ვალენსიას" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "კამპ ნოუზე" "ლეგანესს" დაუხვდება.
კროოსმა ამ სეზონში "რეალში" ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.
რამოსმა პრიმერაზე 67-ე გოლი გაიტანა და კუმანთან (ბარსელონა) ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მან თამაშიდან ფეხით გოლი 2017 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.
გარეთ ბეილმა "რეალში" 250-ე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამახსოვრო მაისურა გადასცა.
ზიდანის ხელმძღვანელობით, "სამეფო გუნდმა" მე-200 მატჩი ჩაატარა - 132 მოგება, 42 ფრე და 26 წაგება. მასზე მეტჯერ "ბლანკოსს" მხოლოდ მიგელ მუნიოსმა (605) და დელ ბოსკემ (246) უხელმძღვანელეს.
ამ სეზონში ლა ლიგაზე გოლები "რეალის" 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა - ეს ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატის რეკორდია.
რეალი - ეიბარი 3:1
გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)