მადრიდის "რეალი" ბოლო წლებში საკმაოდ სარფიანად ყიდის საკუთარი აკადემიის აღზრდილებს და შემოსული თანხების ოდენობამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა.
აკადემიის აღზრდილთა შორის ტოპ-5 ყველაზე ძვირად გასხვისებული ფეხბურთელი "ბლანკოსმა" უკანასკნელ 4 წელში გაყიდა.
ალვარო მორატა დედაქალაქელებმა ყველაზე ძვირად გაყიდეს, 2017 წელს "ჩელსიმ" ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 66 მილიონი ევრო გადაიხადა. აშრაფ ჰაკიმი სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა მილანის "ინტერში" 40+5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "ატლეტიკომ" მარკოს ლორენტეს სანაცვლოდ თანაქალაქელებს 30 მილიონი ევრო 2019 წელს გადაუხადა. 2016 წელს ხესეს სანაცვლოდ პსჟ-მა 25 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო
რაულ დე ტომასი "ბენფიკას" 20+2 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბოლო წლებში "რეალმა" რამდენიმე ფეხბურთელი არც ისე ძვირად გაყიდა. დენის ჩერიშევის სანაცვლოდ "ვალენსიადან" 7 მილიონი მიიღო, მარიანო დიასი "ლიონში" 8 მილიონად გაუშვა, "რეალ სოსიედადმა" დიეგო ლორენტეს ხელში ჩასაგდებად 7 მილიონი გადაიხადა, ხოლო მცველი ომარ მასკარელი "შალკეში" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
საერთო ჯამში, 2016 წლიდან მოყოლებული, "რეალმა" საკუთარ აღზრდილთა გასხვისებით 246 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით