გამოცემა OK Diario-ს ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ "El Chiringuito de Jugones-ს" ეთერში განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანისთვის უვადო კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
"რეალის" პრეზიდენტი იმდენადაა კმაყოფილი "ზიზუს" მუშაობით, რომ მზადაა მას კლუბში დარჩენის უფლება იქამდე მისცეს, სანამ ეს თავად ზიდანს ენდომება.
გარდა ამისა, პერესს უნდა, რომ მთავარი მწვრთნელი პოსტიდან წასვლის შემდეგ ზინედინი კლუბის გენერალური დირექტორი გახდეს და "რეალში" მიმდინარე ყველა სპორტული პროცესი წარმართოს.
აღსანიშნავია, რომ "თეთრების" პრეზიდენტი ფრანგ სპეციალისტში მომავალ ალექს ფერგიუსონს ხედავს. მოგეხსენებათ, ლეგენდარული
შოტლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წლის განმავლობაში წვრთნიდა და კლუბში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებდა.
წლევანდელ სეზონში "რეალმა" "ლა ლიგა" მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული პირველი მატჩი "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო (2:1).
მომზადებულია AS-ის მიხედვით