ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულად მოასპარეზე "ბარსელონა" პრიმერაზე საკუთარ თავს არ ჰგავს, თითქოს ნაძალადევად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თამაშობს და "კადისთანაც" დამარცხდა - 1:2. აკი აღნიშნა ნამატჩევს მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, რომ სათამაშოდ ფეხბურთელთა განწყობა მთლად სათანადო არ იყო.
გასულ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნებულმა "კადისმა" "ბარსას" 1991 წლის მაისის შემდეგ პირველად სძლია და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.
კატალონიური გუნდი კი, რომელიც ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელებმა შეიძლება იანვარში ხელფასი ვერ აიღონ, 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 14 დეკემბერს "ლევანტეს" უმასპინძლებს. "ბარსა" ლიდერ "ატლეტიკოს" 12 ქულით ჩამორჩა.
ეს ჩემპიონატზე უკანასკნელი 33 წლის მანძილზე "ბარსელონას" ყველაზე წარუმატებელი სტარტია.
კადისი. "რამონ დე კარანსა"
კადისი - ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (8), 1:1 ალკალა (57, საკ. კარში), 2:1 ნეგრედო (63)