ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალის" მესამე ლიგის კაცნაკლულ "ალკოიანოსთან" მარცხმა (1:2) დიდი რეზონანსი გამოიწვია. მართალია, "სამეფო გუნდმა" თითქმის დუბლებით ითამაშა, მაგრამ ასეთ მეტოქესთან წაგება მაინც ნამეტანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "რეალის" შემადგენლობა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასის მიხედვით "ალკოიანოზე" 300-ჯერ უფრო ძვირია. თანაც, უკანასკნელ 20 წელიწადში თასიდან მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა უკვე მეხუთედ გამოაგდო.
ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო ნამატჩევს გუნდის მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ნათქვამი, რომ სასირცხვილო არაფერი მომხდარა და ამის გამო არ გაგიჟდებიან. სხვათა შორის, გაშვებული გოლების მერე ზიზუ იღიმოდა.
"მარკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალის"
ხელმძღვნელობა გუნდში არსებული ატმოსფეროთი ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ ზინედინს ზაფხულამდე არ გადააყენებს, ხოლო შემდეგ რადიკალურ ცვლილებებს მიმართავს. Goal-ის მტკიცებით, მას მდგომარეობის გამოსწორებას აცლიან.
El Chiringuito ირწმუნება, რომ ზიდანი ზოგიერთ ფეხბურთელთან რამდენიმე თვეა უბრადაა და "ალკოიანოსთან" მატჩის შესვენებებისას შეგირდებს არც გამოლაპარაკებია. ზიდანის ნაცვლად მისი თანაშემწე ჰამიდუ მსაიდი ესაუბრებოდა.
ახლა კი ESPN Argentina ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბლანკოსის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს უნდა გუნდი "რივერ პლეიტის" თავკაცს, მარსელო გალიარდოს ჩააბაროს.