"ბარსელონას" საქმე: ყველა ბრალდებული, "ატკატები", პრეზიდენტობის კანდიდატების შეფასებები

AutoSharing Option
ჟოზეპ მარია ბართომეუ და "ბარსელონას" ყოფილი დირექტორები გუშინ, 1-ლი მარტის დილით, Barcagate-ის სკანდალთან დაკავშირებით დააკავეს.

ისინი Mossos de Esquadra-მ აიყვანა, კატალონიურმა საპოლიციო ძალამ, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებდა კიდეც.

ამ სტატიაში აგიხსნით, რას ნიშნავს ზუსტად Barcagate-ის სკანდალი და რა მნიშვნელობა აქვს მას ბართომეუსა და მისი კოლეგებისათვის.

რა არის Barcagate?

Barcagate-ის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივარი პატარა ჯგუფმა, სახელით Dignitat Blaugrana-მ წარადგინა.

ეს საჩივარი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კომპანია I3 Ventures-ის ამბავი გასკდა, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" ამ კომპანიას სოციალური მედიამონიტორინგის სანაცვლოდ
დიდ ფულს უხდიდა და სავარაუდოდ, პუბლიკაციების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის, რომლებიც ბართომეუს იმიჯის პოზიტიურად წარმოჩინებას, ხოლო "ბარსას" კონკრეტული ფეხბურთელებისა და ყოფილი დირექტორების მიმართ შავი პროპაგანდის წარმოებას ემსახურებოდა.


როდის დაიწყო საქმე?

2020 წლის 17 თებერვალს Cadena SER-მა გააკეთა განცხადება, რომ "ბარსელონას" I3 Ventures-თან კონტრაქტი 2017 წლის ბოლოდან ჰქონდა გაფორმებული.

წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, კარლოს იბანიესის კომპანია, სულ მცირე, 6 სხვადასხვა Facebook-ექაუნთს იყენებდა, რათა "ბარსელონასთან" დაკავშირებული ყველა ის პირი გაეშავებინა, ვინც ბართომეუს არ მოსწონდა.

კრიტიკის ქვეშ მოყოლილ ფეხბურთელებს შორის ლიონელ მესი და ჟერარდ პიკეც იყვნენ.


რა კრიმინალურ დანაშაულს ეხება საქმე?


გამოძიება ეხება სავარაუდო დანაშაულს, რომელიც გულისხმობს არასწორ მართვას, რომლის ფარგლებშიც კლუბმა ზემოთაღნიშნულ სერვისებში გადაიხადა იმაზე მეტი, ვიდრე ისინი რეალურად ღირდა.

პოლიცია ასევე იძიებს სავარაუდო კორუფციულ სქემასაც კონკრეტული პირების ჩართულობით, ანუ, რომელიმე დორექტორმა მიიღო თუ არა თანხა "ატკატის" სახით.

კატალონიური პოლიციის მიერ მოპოვებული სამხილებით, რომლებიც ბარსელონას მე-13 საგამოძებო სასამართლოს მოსამართლე ალეხანდა ჟილ ლიმას გადაეცა, მტკიცდება, რომ კორუფციას, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა და კლუბმა მომსახურებებზე საბაზრო ღირებულებაზე 6-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა.


რა სახის ბიზნესია ჩართული Barcagate-ში?


გამოძიების მასალებით, "ბარსელონა" ყოველწლიურად I3 Ventures-ს 1 მილიონ ევროს უხდიდა, მომსახურება კი მედიამონიტორინგსა და სოციალურ მედიაში ბართომეუსა და მისი ბორდის რეკლამას ეხებოდა.

გადახდები ყოველთვის განსხვავებული ინვოისებით მიმდინარებდა, სხვადასხვა დეპარტამენტის გავლით და ისინი არასდროს ყოფილა 200 000 ევროზე მეტი (უფრო მეტის შემთხვევაში ბორდის ნებართვა არის საჭირო).

მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი თანხები არაერთმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის NSG Social Science Ventures SL, Tantra Soft SA, Digital Side SA, Big Data Solutions SA და Futuric SA, ცხადია, I3 Ventures-თან ერთად. ყველა ეს ბიზნესორგანიზაცია კარლოს იბანიესთან არის დაკავშირებული.


რა იყო "ბარსელონას" ოფიციალური პასუხი?


კლუბის განცხადების მიხედვით, "ბარსელონა" ყველა ამ დოკუმენტს უარყოფდა და რეპორტებს სიცრუეს უწოდებდა.

მათ აღიარეს, რომ I3 Ventures-გან მართლაც იღებდნენ მომსახურებას, რომელიც "კლუბს რეკლამას უკეთებდა", თუმცა პროპაგანდასთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს.

მათ თქვეს, რომ კონტრაქტს აუცილებლად გაწყვეტდნენ, მსგავსი რამ რომ გამოაშკარავებულიყო.


ზუსტად რა აკავშირებს "ბარსელონას" I3 Ventures-თან?


Cadena SER-მა 36-გვერდიანი დოსიე გამოაქვეყნა, რომელიც კლუბისა და I3 Ventures-ს შორის კავშირს შეეხება.



რა განაცხადა გარე აუდიტმა?

Price Waterhouse Coopers-მა გარე აუდიტი ჩაატარა და დაასკვნა, რომ "ბარსელონას" ბინძური კამპანია არ უწარმოებია.

ასევე, დასკვნაში წერია, რომ გადახდილი თანხა მისი გადახდის დროს საბაზრო ფასს შეესაბამებოდა.


როდის შევიდა პოლიცია "ბარსელონას" ოფისში პირველად?

კატალონიური პოლიცია "ნოუ კამპს" ორშაბათს დაუბრუნდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა გამოძიებამ დოკუმენტების მოპოვება კლუბის შტაბბინაში სცადა.

მათ იგივე გასულ ზაფხულს გააკეთეს და მაშინაც Barcagate-თან დაკავშირებულ საბუთებს ეძებდნენ.


ვინ არიან დაკავებულები და რას აკეთებდნენ ისინი კლუბში?


გამოძიების ფარგლებში "ბლაუგრანას" 4 ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავეს: ჟოზეპ მარია ბართომეუ, ოსკარ გრაუ, რომან გომეს პონტი და ხაუმე მასფერერი.

ჟოზეპ მარია მართომეუ

ბართომეუ დააკავეს, რადგან ის იყო კლუბის პრეზიდენტი იმ პერიოდში, როცა ეს სავარაუდო დანაშაულები ჩადენილ იქნა.

ის ყოველთვის ამბობდა, რომ I3 ventures-ი უბრალოდ სოციალური მედიამონიტორინგისთვის იყო დაქირავებული და მისი მიზანი ამ ვებგვერდებზე კლუბის ინტერესების დაცვა გახლდათ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი მისი გადადგომისა ისიც იყო, რომ მისი რეპუტაცია აღნიშნულმა სკანდალმა ძლიერ შეარყია.

რეალობა ის არის, ფანებს მისი არ სჯეროდათ და იმპიჩმენტის საქმეც ამიტომ წამოიწყეს. საქმის ბოლომდე მიყვანამდე ბართომეუ გადადგა.

ოსკარ გრაუ


გრაუ "ბარსელონას" ამჟამინდელი ხელმძღვანელია და კლუბის მმართველობით სისტემაში კარგა ხანია იმყოფება.

ის კლუბის უმაღლესი ფინანსური მენეჯერია. შესაბამისად, ყველა გადახდის შესახებ ფლობდა ინფორმაციას.

ზოგიერთმა დირექტორმა ამ გადახდების შესახებ არც კი იცოდა, რადგან ისინი იმ მოცულობის არ იყო, რომ ბორდის საერთო სხდომაზე გაეტანათ.

ამავდროულად, კლუბის რამდენიმე ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას მალავდა და სხვებმა არ იცოდნენ, რომ რესურსები "ბარსელონას" ცნობილი პერსონების დისკრედიტაციისათვის იხარჯებოდა.

გრაუ ბართომეუს ყველაზე სანდო კაცი და უახლოესი ლიუტენანტი გახლდათ, რომელიც კლუბის მართვასთან ყველაზე ახლოს იყო.

ხაუმე მასფერერი

მასფერერი კლუბის აპარატის ხელმძღვანელი იყო და ბართომეუს ნდობითაც სარგებლობდა.

მათი ურთიერთობა ბევრ წელს ითვლის და ისიც გასათვალისწინებელია, რომ მასფერერი ექსპრეზიდენტ სანდრო როსელის მრჩეველიც იყო.

მასფერერი ბართომეუს კამპანიის დე-ფაქტო ხელმძღვანელი იყო, როცა ეს უკანასკნელი "ბარსას" პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს.

გამოძიების მტკიცებით, ის ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია: სწორედ ის დაუკავშირდა იმ კომპანიებს და გადახდის სქემაც მან შეიმუშავა ისე, რომ ბორდს არაფერი გაეგო.

თუმცა მასფერერი ამ საქმეში წარუმატებელი კაცი აღმოჩნდა, ბართომეუმ ის კლუბის საქმიანობასაც ჩამოაშორა და ხელფასიც შეუჩერა.

რომან გომეს პონტი


მას შემდეგ, რაც ბართომეუ კლუბის პრეზიდენტი გახდა, გომეს პონტი "ბარსას" იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მისი მოვალეობებიდან გამომდინარე, ბორდისთვის ყველა ამ გადახდის შესახებ უნდა მოეხსენებინა და უნდა სცოდნოდა ყველა იმ კონტრაქტის შესახებ, რომლებსაც კლუბი აფორმებდა.


როგორ გამოეხმაურნენ "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატები ამ სკანდალს?


მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტობისთვის ამჟამად სამი კანდიდატი იბრძვის: ვიქტორ ფონტი, ჟოან ლაპორტა და ტონი ფრეიჩა.

ფონტის პასუხი

ფონტმა, თავისი კონკურენტებისაგან განსხვავებით, მცირე კომენტარი გააკეთა და "თვითერში" მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა: "კორუფციის დასრულების დროა!"

ლაპორტას გამოხმაურება

ლაპორტა ElNacional.cat-ს ესაუბრა და ფონტზე უფრო ენაწყლიანი იყო.

"უდანაშაულობის პრეზუმცია უნდა დავიცვათ მანამ, სანამ ეს დანაშაულები არ დამტკიცდება.

მე იმაზე ვდარდობ, თუ რა დღეშია კლუბის რეპუტაცია და როგორ არის ის წარმოდგენილი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე."

ფრეიჩას განცხადება

ორი კონკურენტისაგან განსხვავებით, ფრეიჩამ ყველაზე მეტი თქვა. ის სიტუაციასთან დაკავშირებით Catalunya Radio-ს ესაუბრა.

"როცა აღძრულია საქმე და მოსამართლემაც იცის გამოძიების შესახებ, დამატებითი ძიებები საჭირო არაა. ყველა დოკუმენტი სწორედ მოსამართლის მაგიდაზე უნდა დალაგდეს. ჩვენ სწორედ ასე გავიგებთ, რა მოხდა რეალობაში და რატომ შევიდა პოლიცია კლუბის ოფისში."

ამას გარდა, ფრეიჩამ "თვითერშიც" დაწერა: "ძალიან ბევრს სურს "ბარსელონასთვის" ზიანის მიყენება. მათ ამის უფლებას არ მივცემთ. მარტო არასდროს დავტოვებთ (You'll never walk alone)!"

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესენი მთლიანი გუნდით ჯერ კიდევ მაშინ უნდა წარსმდგარიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე როცა კატალონიურ სეპარატიზმს აღვივებდნენ
sandro
14:05 03-03-2021
1
აუცილებლად გამოჩნდება თუ როგორ უყიდეს ოქროს ბურთი კაცუნა მესის 2020 წლის სეზონში.ამხელა უსამართლობა და უსინდისობა ფეხბურთში არასოდეს ყოფილა.
სამართალიანობა უნდა აღდეს
15:10 02-03-2021
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული