მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდულ გამოცემა AS-ში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"მივდივარ, მაგრამ არ გემშვიდობებით, მწვრთნელად მუშაობით არ დავღლილვარ. 2018 წლის მაისში 2,5-წლიანი მუშაობის შემდეგ წავედი, რადგან ვიგრძენი, რომ ამდენი მოგებისა და ტიტულის შემდეგ გუნდს უმაღლეს დონეზე დასარჩენად სიახლეები სჭირდებოდა.
ახლა განსხვავებული ვითარებაა. მივდივარ, რადგან კლუბისაგან აუცილებელი მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, ის გვერდში დგომა, რომელიც საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდის აშენებას სჭირდება.
მესმის ფეხბურთის და ისეთი კლუბის მოთხოვნების, როგორიც "რეალია". როცა ვერ იგებ, უნდა წახვიდე",
- თქვა ზიზუმ.
მიმდინარე სეზონში ზიდანის ხელმძღვანელობით "რეალმა" ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/2-ფინალში დამარცხდა.