ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ალავესის" დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.
კუმანის გადაყენების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა პირველი მატჩი დროებითი მწვრთნელის, სერხი ბარხუანის ხელმძღვანელობით ჩაატარა და ფრეს დასჯერდა.
ანგარიში 49-ე წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა, ხოლო 52-ეზე ლუის რიოხამ საპასუხო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს და ერთფეროვნად უტევდნენ და გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.
პირველი ტაიმის დასასრულს შეუძლოდ გახდა "ბარსას" თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელმაც გულზე ხელი მოიკიდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატალონიური "სპორტის" ცნობით, მას თავბრუსხვევა ჰქონდა. მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ხერარდ პიკემ და შეცვალეს.
"ბარსელონა" 16 ქულით მე-9 ადგილზეა, რაც უკანასკნელ 19 წელიწადში ჩემპიონატზე მისი ყველაზე უარესი სტარტია და 6 ნოემბერს ვიგოში "სელტას" შეხვდება.