"თუ ის კონტრაქტს არ განაახლებს და გუნდში დარჩება, უბრალოდ არ ითამაშებს..." - ხავი დემბელეს აგენტს შეხვდა

AutoSharing Option
სამშაბათს, 25 იანვარს, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი უსმან დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს შეხვდა და ფრანგის მომავალზე ესაუბრა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მუსა ხავის დაელაპარაკა და ჰკითხა, თუ რა გეგმები აქვს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მისი კლიენტის თაობაზე.

"ბარსელონას" პოზიცია

ერნანდესი გულწრფელად ესაუბრა და უთხრა, რომ გუნდს სურდა, უსმანი დარჩენილიყო, რასაც მოწმობს ხელშეკრულება, რომელიც აგენტს წარუდგინეს, თუმცა მათი მხრიდან უარი მიიღეს.

როგორც კი გაირკვა, რომ დემბელე "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავდა, მაშინვე გადაწყვიტეს, რომ 31 იანვრამდე გაეყიდათ. რა თქმა უნდა,
მსგავსი კალიბრის ფეხბურთელის გაყიდვა სჯობს, ვიდრე უფასოდ გაშვება.

დემბელეს აგენტის პასუხი

მუსას სურდა, რომ გაერკვია, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ შემტევი კონტრაქტს არ განაახლებდა და არც კლუბს დატოვებდა, რაზედაც ესპანელმა სპეციალისტმა მოკლედ და ხაზგასმით უპასუხა:

"თუ ის კონტრაქტს არ განაახლებს და გუნდში დარჩება, უბრალოდ არ ითამაშებს"

ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერნანდესი სისოკოს მკაცრად დაელაპარაკა, თუმცა ეს ასე სულაც არ ყოფილა, მხარეები ერთმანეთს მაქსიმალურად თბილად ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას.

რა სურს დემბელეს

ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ფრანგ სპორტსმენს სურს "ბლაუგრანას" დაეხმაროს და კლუბის ახალი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდეს, რაზედაც მისი დიდი მონდომება და თავდაუზოგავი ვარჯიში მეტყველებს, თუმცა ფრანგს დიდი ანაზღაურება სურს.

ფაქტობრივად უნდა ითქვას, რომ ათლეტმა ბოლო დროს მართლა მოინდომა და ხავიზე შთაბეჭდილებაც მოახდინა, თუმცა ეს ყველაფერი არაფერს ცვლის.

სხვა გუნდის ვარიანტები

24 წლის ფეხბურთელით რამდენიმე გუნდი ინტერესდება, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" მოიაზრება. El Chiringuito-ს ცნობით, როდესაც სისოკო ბარსელონის აეროპორტიდან გაფრინდა, პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაურეკა და საკუთარი ვარიანტი შესთავაზა.

გადავა თუ არა დემბელე სხვა გუნდში, ამას სულ მალე გავიგებთ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული