ესპანელმა ხერარდ პიკემ ღიად ისაუბრა საკითხებზე, თუ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, "ბარსელონას" პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.
34 წლის მცველმა შიდა წრე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კლუბს ბევრად თანამედროვეს გახდიდა.
"კლუბს ბევრად თანამედროვეს გავხდიდი, უამრავ რაღაცას შევცვლიდი; შიდა წრეს ვეტყოდი, რომ მოეკეტათ. ტოქსიკურები არიან. როგორც კი დავინახავდი, რომ სიტუაცია ირევა, გავყრიდი.
რაც შეეხება უსმან დემბელეს მომავალს, ფრანგი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. მესმის ორივე მხარის, თუმცა ბიზნესის ნაწილი ვართ, ჩვენით სხვადასხვა გუნდი თუ პირი სოლიდურ თანხას შოულობს. ყველას აქვს უფლება,
საკუთარი ინტერესი დაიცვას, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი უნდა იქნეს ნაპოვნი. მას ვკითხეთ, თუ რას აპირებდა, ის კი რაღაცას ელოდება", - განაცხადა ხერარდმა.
პიკემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მცველმა "ლა როხა" დატოვა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში ესპანეთის მაისური კიდევ მოირგოს.
"ცხადია, რომ მე ნაკრები დავტოვე, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება მწვრთნელს დავურეკო და ვუთხრა, შეიძლება...
არ მინდა, რომ ჩემთვის ნაკრების კარი დაკეტილი იყოს. 100 პროცენტით ვერ გეტყვით... მაგრამ 99 პროცენტით ეს ყველაფერი არ მოხდება".
შეგახსენებთ, პიკე "ბარსელონაში" 2008 წლიდან გამოდის, გამართა 382 შეხვედრა და თავი 29 გოლითაც გამოიჩინა.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მცველი 2009-18 წლებში გამოდიოდა, 102 მატჩი ჩაატარა და 5-ჯერაც აიღო მოწინააღმდეგის კარი.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით