ნაწყენი კურტუა, გახარებული მაკრონი და რონალდოს მნიშვნელობა ამ წარმატებაში - ყველაფერი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გუშინდელი ცერემონიალიდან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფრანგი ვარსკვლავი ქარიმ ბენზემა "ოქროს ბურთის" მფლობელი კარიერაში პირველად გახდა.

აღსანიშნავია, რომ France Football-ის ამ პრესტიჟულ ჯილდოს ბოლო 9 წლიდან 6 შემთხვევაში სწორედ "ბლანკოსის" ფეხბურთელები იგებენ.

კრიშტიანო რონალდოსა და ლუკა მოდრიჩის შემდეგ ბოლო 9 წელში 3-ჯერ ეს ტიტული ლეო მესიმ ირგუნა. 

ბოლო 66 წელში ბენზემა გახდა ყველაზე ასაკოვანი მეორე ფეხბურთელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო. მან ეს 34 წლისა და 290 დღის ასაკში შეძლო, 1956 წელს კი სტენლი მეთიუსმა ეს ჯილდო 41 წლისა და 321 დღის ასაკში დაისაკუთრა. 

ქარიმი მეხუთე
ფრანგია, რომელიც ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელად გამოაცხადეს. მანამდე ამ წარმატებას რეიმონდ კოპამ (1958 წელი), მიშელ პლატინიმ (1983, 1984, 1985 წლები), ჟან-პიერ პაპენმა (1991 წელი) და ზინედინ ზიდანმა (1998 წელი) მიაღწიეს. 

ბენზემას ეს წარმატება სოციალური ქსელით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა, რომელმაც დაწერა:

"KB9! ორი ასო და რიცხვი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევა. ზინედინ ზიდანიდან 24 წლის შემდეგ "ოქროს ბურთი" კიდევ ერთმა ფრანგმა მოიგო. ქარიმ, გვინდა, რომ მოგილოცოთ", - წერს მაკრონი.

თავად ბენზემამ "ოქროს ბურთის" დაუფლების შემდეგ განაცხადა:

"ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩემი ორი იდეალი ზინედინ ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო იყო. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო - ვარჯიში და ვარჯიში განუწყვეტლივ... მქონდა რთული პერიოდები, როდესაც ეროვნულ ნაკრებში არ მიძახებდნენ, მაგრამ მე ამან სულიერად გამაძლიერა.

ასეთივე სულისკვეთებით გავაგრძელებ მუშაობას. მინდა, ჩემს თანაგუნდელებსა და ჩვენს დიდებულ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მადლობა გადავუხადო, ის ყოველთვის გულრწფელი იყო ჩემთან.

არ დამავიწყდება ჟან-მიშელა ოლა ("ლიონის" პრეზიდენტი) და "ლიონი", მათ გარეშე ამ წარმატებაზე ოცნებასაც კი ვერ შევძლებდი.

"ოქროს ბურთი" ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ამავდროულად, ყველას ეკუთვნის, ვინც ჩემ გვერდით იყო.

არა მგონია, ასაკს მნიშვნელობა ჰქონდეს. 30 წლის შემდეგ ბევრი თავის დონეს უფრო აუმჯობესებს. მთავარია მიზანდასახულობა და შრომა...

კიდევ ბევრს ვივარჯიშებ. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები - არ დანებდე", - თქვა ბენზემამ.

ბოლო 16 წელიწადში პირველად მოხდა, რომ ტოპ 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არც მესი იყო და არც რონალდო. პირველი მათგანი საერთოდ სიაში არ გახლდათ, მეორემ კი მე-20 ადგილი ირგუნა.

ბოლოს ლეგენდარული არგენტინელი და პორტუგალიელი ტოპ 3-ში 2006 წელს ვერ მოხვდნენ, როდესაც "ოქროს ბურთი" ფაბიო კანავარომ ირგუნა, მეორე პოზიცია - ჯიჯი ბუფონმა, მესამე კი - ტიერი ანრიმ.

დაჯილდოების შემდეგ აშკარად ნაწყენი ჩანდა ბენზემას თანაგუნდელი ტიბო კურტუა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა, თუმცა ლევ იაშინის ჯილდო ირგუნა და 2022 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. 

"შეუძლებელია, მეკარემ "ოქროს ბურთი" მოიგოს. შესაძლოა, შენ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდე, გუნდს შენი სეივებით გამარჯვება მოუტანო, მაგრამ მხოლოდ მე-7 პოზიციაზე გახვიდე.

ასე რომ, კარგია, მათ საუკეთესო მეკარისთვის ჯილდო რომ მოიგონეს", - თქვა კურტუამ.

მას შემდეგ, რაც ბენზემამ ეს ჯილდო ირგუნა, ქარიმს ჰკითხეს, რა როლი აქვს კრიშტიანო რონალდოს ამ წარმატებაში, რაზეც მან მიუგო:

"ის ნამდვილი მხეცია! მასთან თამაში დიდი პატივი იყო! როდესაც კრიშტიანო წავიდა, უფრო მეტის გაკეთების სურვილი გამიჩნდა.

მან მოტივაცია მომცა, რომ მოედანზე უფრო მეტი გამეკეთებინა", - ამბობს ქარიმი.

alt"ოქროს ბურთი" ქარიმ ბენზემამ მოიპოვა

alt"დედა, გპირდები, გიყიდი სახლს, ვითამაშებ მადრიდის "რეალში" და "ოქროს ბურთს" მოვიგებ" - ბენზემამ ბოლო პირობაც შეასრულა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქარიმა, ძლივს არ მოესწრო ამ სიბერეში ოქროს ბურთს? თანაც სათვალე გაიკეთა, კარგად დავინახოო, მართლა ოქროს ბურთიაო? მგონი კბილითაც მოსინჯა ოქროს სინჯი.
ფხიიი.
12:47 18-10-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული