ევროპა ლიგა. 1/4-ფინალები: "არსენალი" და "ატლეტიკო" გადარჩნენ, "ლაციო" და "ლაიპციგი" - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
12 აპრილს ევროპა ლიგის მეოთხედფინალების საპასუხო შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე ოთხივე გუნდი გამოვლინდა.

უნდა აღინიშნოს, ჩემპიონთა ლიგის დარად, აქაც მეტად დაძაბული დაპირისპირებები შედგა.

"არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავის ფეხბურთელებს შეახსენა, რომ "ბარსელონამაც" მოუგო "რომას" 4:1, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

მოსკოვში ცსკა 50-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, მაგრამ უელბეკმა 75-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

ბოლოს რამსიმ, რომელმაც ლონდონში არმიელებს დუბლი შეუსრულა, აკინფეევი კიდევ ერთხელ დაამწუხრა და 2:2.

"მეთოფეები" 18 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ევროტურნირის
ნახევარფინალში.


მადრიდში "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:2) შემდეგ, "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნუ დი კარვალიუმ 19 ფეხბურთელი დუბლებში გადაიყვანა. თუმცა, მერე მიხვდა, რომ დუბლიორები, რომლებიც ქვედა დივიზიონის 20-გუნდიან ჩემპიონატზე მე-19 ადგილზე არიან, მათ სათანადოდ ვერ შეცვლიდნენ და გადაწყვეტილება შეცვალა. "სპორტინგმა" ლისაბონში 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა გაუძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.


"ლაციომ" რომში პირველი მატჩი "ზალცბურგს" 4:2 მოუგო და ავსტრიული გუნდის 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ბოლოს შარშან 27 აგვისტოს "შტურმთან" 0:1 დამარცხდა). საპასუხო მატჩის 55-ე წუთზე იმობილემ სტუმრები დააწინაურა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 5:2 გახდა და ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ ავსტრიული გუნდი 4 უპასუხო გოლს გაიტანდა და ნახევარფინალში გავიდოდა? "ზალცბურგმა" 72-დან 76-წუთის ჩათვლით 3 გოლი 247 წამში გაიტანა, რაც ამ ტურნირის რეკორდია.


"მარსელმა" სტუმრად წაგების (0:1) შემდეგ "ველოდრომზე" 5:2 სძლია "ლაიპციგს" და ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში თამაშის ბოლომდე 4:2 იყო, სტუმრები ერთი გოლის გატანის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ, შეტევაზე უკანმოუხედავად გადავიდნენ და ზურგმოშიშვლებულებმა მეხუთე ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.


ცსკა-არსენალი 2:2 (1:4)
გოლები:
1:0 ჩალოვი (39), 2:0 ნაბაბკინი (50), 2:1 უელბეკი (75), 2:2 რამსი (90+2)

მარსელი-ლაიპციგი 5:2 (0:1)
გოლები:
0:1 ბრუმა (2), 1:1 ლსანკერი (6, ავტ), 2:1 სარი (9), 3:1 ტოვენი (38), 3:2 აუგუსტინი (55), 4:2 პაიე (60), 5:2 საკაი (90+4)

ზალცბურგი-ლაციო 4:1 (2:4)
გოლები:
0:1 იმობილე (55), 1:1 დაბური (56), 2:1 ჰეიდარა (72), 3:1 ჰვანგი (74), 4:1 ლაინერი (76)

სპორტინგი-ატლეტიკო 1:0 (0:2)
გოლი:
1:0 მონტერო (28)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღადაობთ? :დ 2006 წელი დაგავიწყდათ თუ ჩემპიონთა ლიგა არაა ევროტურნირი?
გუგა
10:11 13-04-2018
0

სიახლეები პოპულარული