შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება

AutoSharing Option
ხუთშაბათს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” ნიქოზიაში ლიმასოლის “აპოლონს” დაუპირისპირდება. ოთხშაბათს დილას ჩვენი გუნდი კვიპროსში გაემგზავრა, საღამოს კი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა:

- ყველანი მობილიზებულნი ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში მოახლოებულ შეხვედრას საბრძოლო განწყობით ვხვდებით.

- ამ წყვილში ფავორიტი “აპოლონია”. მეტოქის რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევთ?
- “აპოლონი” გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ვფიქრობ, თავდასხმის ხაზი გამორჩეული ჰყავს - დაბო და ბენჩოპი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. თუმცა, ეს უკანასკნელი ითამაშებს თუ არა
ხვალინდელ მატჩში, ვერ გეტყვით, რადგანაც, როგორც ვიცი, მცირე ტრავმა ჰქონდა.

- თქვენს თანამემამულე თემურ ქეცბაიასთან თუ გქონდათ საუბარი “აპოლონის” შესახებ და რა ინფორმაცია მოგაწოდათ?
- ახლა ისეთი დროა, მეტოქეზე ინტერნეტში მაქსიმალურად შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია, თუმცა მოწინააღმდეგეზე გარკვეული დახასიათება კვიპროსში მყოფი ქართველებისგანაც მივიღე.

- რა სტილის ფეხბურთს ითამაშებს “საბურთალო”?
- “საბურთალო” ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ამ კურსის გადახვევას არ ვაპირებთ, თუმცა ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა. ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბრძოლას გავუმართავთ მასპინძლებს.

- “საბურთალოს” ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული. კიდევ ვინ დაგაკლდებათ?
- ცენტრალური მცველები ჯანმრთელად არიან, უბრალოდ ხან მოუწევს ფეხბურთელს ძირითადში თამაში, ხან არა. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ისინი, ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე იბრძოლებენ და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებენ.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული