ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.
მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.
კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)
https://twitter.com/ChampionsLeague/status/1580264659680366592
https://twitter.com/sscnapoli/status/1580291681982636032