ანდალუსიური გუნდი სარეკორდო მეშვიდედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული - ჟოზე მოურინიო პირველად დამარცხდა ევროტურნირის ფინალში.
პირველ ტაიმში მანჩინის პასით „რომა“ დიბალამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ ფლანგიდან ნავასის ჩაწოდებული ბურთი ელ-ნესირთან ბრძოლაში მანჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 75-ე წუთზე სევილიელთა შემტევი ოკამპოსი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. მსაჯმა პენალტი ჯერ დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. ამას რომაელთა საპასუხო შეტევა, გათამაშებული საჯარიმო და მეკარესთან პირისპირ გასული ბელოტის გამოუყენებელი შანსი მოჰყვა და 90+13-ე წუთზე ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ექსტრა-ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სევილიამ" გაიმარჯვა.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“. 61 476 მაყურებელი
სევილია - რომა 1:1 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:1)
გოლები: 0:1 დიბალა (34), 1:1 მანჩინი (55, საკ. კარში)