ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთი ევროპირველობაზე როდრიგომ 92-ე წუთზე გაიყვანა, იტალიამ მერვეშიც იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ევროპირველობის შესარჩევი მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა, კიდევ 3 ჯგუფში გაიმართა და ფინალური ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა.

F ჯგუფი

ესპანეთი ნორვეგიასთან ფრის (1:1) შემდეგ შვედეთთან წაგებას როდრიგომ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გადაარჩინა - ისევ 1:1. "ფურია როხამ" ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა ევროპირველობის საგზური, რაც რეკორდია.

ესპანელთა მეკარე დე ხეამ ტრავმა მიიღო, შეცვალეს და "მანჩესტერს" "ლივერპულთან" მატჩში ვერ დაეხმარება.

ესპანეთის ნაკრებმა პირველად ითამაშა შემადგენლობით, რომელშიც 2008 წლის ევროპირველობის, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის და 2012 წლის ევროპირველობის არც
ერთი მონაწილე არ იყო.

სოლნა. "ფრენდს არენა"
შვედეთი - ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ბერგი (50), 1:1 როდრიგო (90+2)

რუმინეთმა სტუმრად კომპენსირებულ დროში გაუშვა ნორვეგიასთან გოლი, ფრეს (1:1) დასჯერდა და მეორეადგილოსან შვედეთს 1 ქულით ჩამორჩება.

ბუქარესტი. "ნაციონალა"
რუმინეთი - ნორვეგია 1:1
გოლები: 1:0 მიტრიტა (72), 1:1 სიორლოტი (90+2)

ტორსჰავნი. "ტორსველიური"
ფარერები - მალტა 1:0
გოლი: ბალდვინსონი (71)

G ჯგუფი

ისრაელმა უქულოდ მყოფ ლატვიას სახლში 3:1 მოუგო. მასპინძელთა ნახევარმცველმა ზაჰავიმ ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა.

ბეერ შევა. "ტოტო ტერნერი"
ისრაელი - ლატვია 3:1
გოლები: 1:0 დაბური (16), 2:0 ზაჰავი (26), 2:1 კამეში (40), 3:1 დაბური (42)

J ჯგუფი

იტალია წინა ტურში გავიდა ევროპის პირველობაზე და დღევანდელ მატჩს მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაინც არ დაინდო მეტოქე, 5:0 იმარჯვა, ტურნირზე მიჯრით 8 მატჩი მოიგო და თავისი 81 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტაინი - იტალია 0:5
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (2), 0:2 ბელოტი (70), 0:3 რომანიოლი (77), 0:4 ელ შაარავი (82), 0:5 ბელოტი (90+2)

ფინეთის გამარჯვების გამო საბერძნეთი ჯგუფში ჩარჩა, თუმცა თავი ბოსნიის ძლევით დაიმშვიდა - 2:1.

ათენი. "ოლიმპიაკო"
საბერძნეთი - ბოსნია 2:1
გოლები: 1:0 პავლიდისი (30), 1:1 გოიაკი (35), 2:1 კოვაჩევიჩი (88, საკ. კარში)

სომხეთის ნაკრებმა ლიხტენშტაინთან ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ ისევ მხითარიანის გარეშე იასპარეზა და ფინეთთან 0:3 წააგო. ფინელთა ბომბარდირმა პუკიმ დუბლი შეასრულა. მან "ნორვიჩსა" და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ფინეთი 15 ქულით მეორე პოზიციაზეა და სომხეთსა და ბოსნიას 5 ქულით უსწრებს.

ტურკუ. "ვერიტასი"
ფინეთი - სომხეთი 3:0
გოლები: 1:0 იენსენი (31), 2:0 პუკი (61), 3:0 პუკი (88)

ფინალური ტურნირის საგზური ესპანეთმა, უკრაინამ, ბელგიამ, პოლონეთმა, იტალიამ და რუსეთმა მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული