ამხანაგურ მატჩში საქართველოს დამარცხების შემდეგ ნიდერლანდელთა მწვრთნელმა დე ბურმა თქვა, რომ უკრაინას უთუოდ მოუგებდნენ და ანგარიშიც კი დაასახელა - 3:1. უკრაინელთა თავკაცმა შევჩენკომ კი აღნიშნა, რომ ეტყობა, დე ბურმა რაღაც ისეთი იცის, რაც მე არ ვიციო. სლავებს ათლეტურად ძლიერი გუნდი ჰყავთ და საინტერესო იყო, მატჩი როგორ წარიმართებოდა.
დებიუტი მასპინძლებისა გახლდათ და მეკარე ბუშანმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ორმხრივი შეტევებით, სტუმრები ცდილობდნენ ტრადიციულად მაღალი პრესინგი შეეთავაზებინათ მეტოქისთვის. უპირატესობას ნიდერლანდები ფლობდა, ხოლო უკრაინა სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. 39-ე წუთზე ბუშანმა ვეინალდუმს არ დაანება გაატანა, ცოტა ხანში კი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა დუმფრისმა ახლო მანძილიდან თავით ააცილა ბურთი კარს და მსაჯმა ბრიხმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.
მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ნარინჯისფერთა შეტევებით დაიწყო და ვეინალდუმისა და ვეგჰორსტის გოლებით დაგვირგვინდა. თამაში დე ბურის შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და უკრაინა თითქოს უშანსოდ იმყოფებოდა, მაგრამ იარმოლენკომ ჯერ შორიდან ანგარიშის სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თავურით იარემჩუკმა გაათანაბრა. თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - დუმფრისმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარემჩუკი (80), 3:2 დუმფრისი (85)
. სტეკელენბურგმა ვან დერ სარის რეკორდი დაამხო და ნიდერლანდელთა ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე ითამაშა - ის 38 წლის და 264 დღისაა.
. პირველად ტურნირის ისტორიაში, ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმში 5 გოლი გავიდა.
. უკრაინამ ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩი წააგო და იუგოსლავიის ანტირეკორდი გაიმეორა.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუმფრისი აღიარეს.