ესპანელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, მომენტებიც შექმნეს, რომელთაგან ყველაზე რეალური მორატას ჰქონდა, მაგრამ მოახერხა და ვერ გამოიყენა. „ტრე კრუნურმა“ სახეიროდ მხოლოდ ერთხელ შეუტია და კინაღამ მიზანს მიაღწია, როდესაც ისაკის დარტყმული ბურთი ლორენტესგან რიკოშეტით ძელს მოხვდა.
შესვენების შემდეგ ესპანეთი ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდა, შვედეთი კი თავს ორგანიზებულად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. ერთ ეპიზოდში ისაკი სამ მცველს დაუსხლტა, ბერგს უპასა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან ვერ დალაშქრა სიმონის კარი. მასპინძელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თამაშის გასამწვავებლად ჯერ როდრისა და მორატას ნაცვლად მოედანზე ტიაგო და სარაბია შეუშვა, ხოლო შემდეგ - ფერან ტორესისა და ოლმოს მაგივრად ოიარსაბალი და ჟერარ მორენო. შვედების თავკაცმა ანდერსონმა კი გაგვაკვირვა და ყველაზე აქტიური ისაკი გაიყვანა. ცვლილებებმა თამაშის სურათი ვერ შეცვალა. ერთადერთი მომენტი 90-ე წუთზე ჟერარ მორენოს ჰქონდა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია.
სევილია. „ოლიმპიკო“
ესპანეთი - შვედეთი 0:0
. პედრი ესპანეთის ნაკრებში ევროპირველობებზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 18 წლისა და 201 დღისაა.
. ესპანეთმა მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის კარში ორჯერ დაარტყა ბურთი და ორივეჯერ 89-ე წუთის მერე.
. ლუის ენრიკეს გუნდმა 953 გადაცემა გააკეთა და 5-ჯერ დაარტყა კარში.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სტუმართა გუნდის მცველი ლინდელეფი დაასახელეს.
. Opta Sports-ის მონაცემით, ესპანეთის ბურთის ფლობა 85.1% იყო, რაც ტურნირის ისტორიაში რეკორდია.
ამ ჯგუფში, მეორე ტურში, 18 ივნისს შვედეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება, 19 ივნისს კი ესპანეთი - პოლონეთს.