ნიდერლანდებმა პრაგმატულად ითამაშა, ავსტრიას იოლად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიდერლანდებმა საკუთარ მოედანზე ავსტრია უპრობლემოდ დაამარცხა 2:0 და პლეი-ოფში С ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა.

დებიუტში სტუმართა კარში დანიშნული პენალტი (ალაბამ დუმფრისი წააქცია) დეპაიმ გამოიყენა. შემდეგ ნიდერლანდებმა თამაში დააწყნარა და სასურველ ტემპში წარმართა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ისევ მწვავედ შეუტია და დეპაიმ დუბლის შესრულების კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავსტრიამ თამაშის გამწვავება ამაოდ სცადა, „ნარინჯისფერები“ კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრაგმატულად მოქმედებდნენ, ნება-ნება აგორებდნენ ბურთს და ძალებს ზოგავდნენ. რა საჭიროა მეტოქეს თავი შეაკლა, როდესაც შეიძლება
მშვიდად მოუგო?

თუმცა, არაა გამორიცხული, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უფრო აგრესიულად ვერ უტევდნენ. მომენტები კი კიდევ ჰქონდათ: დე ვრეის დარტყმული ბურთი მეკარემ, ხოლო დე ლიხტისა მცველმა მოიგერია. შემდეგ დუმფრისმა დალაშქრა ბაჰმანის კარი და დე ბურის გუნდის ისედაც ცხადი გამარჯვება უცხადესი გახდა. ეგ იყო და ეგ.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - ავსტრია 2:0
გოლები: 1:0 დეპაი (11, პენ), 2:0 დუმფრისი (67)

ამ ჯგუფში ბოლო ტური 21 ივნისს გაიმართება - ნიდერლანდები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, უკრაინა და ავსტრია კი ბუდაპეშტში შეხვდებიან ერთმანეთს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვან ბასტენამდე და რეენსენბრიკამდე შორია, კროიფზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად მოთამაშე გუნდია, ძალაც იგრძნობა!
aburjga
11:09 18-06-2021
0

სიახლეები პოპულარული