ჩეხეთმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს არაფერი დაუთმო, პირველ ტაიმში თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშა, თანაც ისე, რომ დაცვაში მთელი გუნდით არ ჩამდგარა, მოედნის ცენტრშიც კარგად მოქმედებდა და უტევდა კიდეც. „ნარინჯისფერთა“ გარემარბები, აგრეთვე ვეინალდუმი და დეპაი განეიტრალებულები იყვნენ, მეტოქისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში მალენი მეურვეებს გაექცა, მაგრამ მეკარე ვაცლიკმა იმარჯვა და გოლის გატანა არ დაანება, შემდეგ კი საჯარიმოს სიახლოვეს დე ლიხტმა შიკთან ბრძოლაში ხელით ითამაშა, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა დააფიქსირა და გააძევა. აქედან მოყოლებული სლავებმა შეუტიეს და ჰოლეშმა თავურით სტეკელენბურგის კარი დალაშქრა. მერე ჰოლეშის პასით შიკმა დაამწუხრა დე ბურის გუნდი და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. მან მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა.
მეოთხედფინალში ჩეხეთი დანიას დაუპირისპირდება.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
ნიდერლანდები - ჩეხეთი 0:2
გოლები: 0:1 ჰოლეში (68), 0:2 შიკი (79)
გაძევება: დე ლიხტი (55)
. 89 წლის მანძილზე პირველად ნიდერლანდებმა მოწინააღმდეგის კარში ვერ დაარტყა ბურთი.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლეში დაასახელეს.