იტალიამ ესპანეთს დიდი მატჩი მოუგო და ფინალში მეტოქეს ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში მეოთხედ გავიდა - გადამწყვეტი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მანჩინიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა - ტრავმირებული სპინაცოლა ემერსონით შეცვალა, ხოლო ესპანელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ტურნირზე პირველად არ დააყენა სასტარტოში მორატა. მის მაგივრად ძირითადში პირველად ვიხილეთ ოიარსაბალი, რომელიც აქამდე მხოლოდ შეცვლებზე შედიოდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, რის შემდეგაც ინიციატივა ხელთ „ფურია როხამ“ იგდო. პედრიმ ოიარსაბალი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა. მე-20
წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან იტალიელებმა გაუშვეს, როდესაც უნაი სიმონი კარიდან გაუთვლელად გამოვიდა, მაგრამ იმობილეს გოლის გატანა მცველებმა არ დაანებეს. მერე უკვე ოლმოს მართებდა გატანა, თუმცა მისი დარტყმული დონარუმამ ფეხით მოიგერია. შესვენების წინ ემერსონმა ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი გუნდებმა გაცილებით აგრესიულად დაიწყეს, თამაში უფრო ლამაზი საყურებელი გახდა და მე-60 წუთზე კიეზამ „სკუადრა აძურა“ დააწინაურა. ესპანეთი საპასუხოდ შტურმზე გადავიდა და ოიარსაბალმა კვლავ შესანიშნავი შანსი გაანიავა. იტალია სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდა და ერთი-ერთზე გასულ ბერარდის გოლკიპერმა არ გაატანინა. მე-80 წუთზე კი მორატამ ანგარიში გაათანაბრა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში იტალიამ იმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - ესპანეთი 1:1(დ.დ. 1:1, პენ 4:2)
გოლები: 1:0 კიეზა (60), 1:1 მორატა (80)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კიეზა დაასახელეს.
. მორატამ ევროპირველობებზე მე-6 გოლი გაიტანა და ესპანელთა შორის ფ. ტორესის რეკორდი დაამხო.
. იტალიამ მიმდინარე ტურნირზე 12 გოლი გაიტანა და დიდ ტურნირებზე თავისი რეკორდი გაიმეორა.
. პედრიმ 90 წუთში 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატის რეკორდია.
. ბონუჩიმ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა და იტალიელთა შორის ბუფონის რეკორდი გაიმეორა.
. ალბამ კონტინენტის პირველობაზე მე-16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით ესპანელთა შორის ინიესტას და ფაბრეგასს დაეწია.
. იტალია 33 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია და მსოფლიო რეკორდამდე 2 მატჩიღა უკლია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყურადღება მიაქციეთ?მთელი თამაშის განმავლობაში,სიმულაციის,ან ბინძური თამაშის მცდელობაც კი არ ყოფილა.ნაღდი ფეხბურთი ითამაშა ორივე გუნდმა.იტალია ნამდვილად საჩემპიონო ნაკრებია,მაგრამ მიუხედავად პირველ ტაიმში შედარებით დაბალი ტემპისა,მეორე დამატებით ტაიმში,დაღლა მაინც აშკარად დაეტყოთ.სპინაცოლას ტრავმამაც,შეტევით პოტენციალს,აშკარად ავნო და ძალიან მეშინია,რომ ფინალში ძალები ,ბოლომდე არ ეყოფათ.არც ინგლისს და არც დანიას,ფინალამდე გზაზე,ამდენი ძალები არ დაუხარჯიათ და შესაძლოა ეს აღმოჩნდეს გადამწყვეტი.1978 წლის მსოფლიო პირველობის შემდეგ,იტალიის ნაკრები ასე არასდროს მომწონებია და მთელი გულით ვუსურვებ, ჩემპიონობას.ესპანეთსაც მადლობა,ნაღდი ფეხბურთის თამაშისათვის.მათ ძალიან ცოტა იღბალი და გამტანი თავდამსხმელი არ ეყოთ,ფინალში გასასვლელად
სოსო
13:47 07-07-2021
0
ვინც არ უნდა გავიდეს ინგლისი-დანიის წყვილიდან ვფიქრობ,რომ იტალია მათთან მაინც ფავორიტი იქნება. იᲜგლისს თავისი პრაგმატული და სწორხაზოვანი ფეხბურთით გაუჭირდება იტალიასთან,დანია კი რომც გავიდეს კლასის ხარჯზე გატეხავს იტალია.ასე რომ ვფიქრობ 90%ით იტალია მოიგებს ამ ევროს
გიორგი-97
11:04 07-07-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული