პენალტების სერიამდე ყველამ ვნახეთ საკმაოდ უცნაური სცენა: მსაჯთან კაპიტნები მივიდნენ, ჯორჯო კიელინი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცეოდა.
ასეთი დაძაბული მომენტის წინ იტალიელთა კაპიტანი ზედმეტად მხიარული ჩანდა.
კიელინისთვის მიმდინარე ევრო კარიერაში მეოთხეა. 36 წლის ჯორჯოს გამოცდილება ყველაფერში შეიმჩნევა - პენალტების სერიის წინაც კი კაპიტანს გუნდელებისთვის ნერვიულობის საფუძველი არ მიუცია.
ნახევარფინალის ყველაზე დაძაბულ მომენტში კიელინი მაქსიმალურად თავდაჯერებული ჩანდა. კარის არჩევის კენჭისყრის დროს ის გამუდმებით ეხუმრებოდა მსაჯებს, იცინოდა, ხელს ჰკრავდა და ეხვეოდა მეტოქის საქციელით გაოგნებულ ხორდი ალბას.
იმ მომენტში ჯორჯომ მუშტიც კი
მიარტყა ალბას, ხუმრობით ესპანურად უთხრა: "მატყუარა, მატყუარა!" ეს მაშინ მოხდა, როცა ორივე კაპიტანმა ჩათვალა, რომ თვითონ გაიმარჯვეს. მსაჯები მაშინვე შეთანხმდნენ, რომ იტალიელმა გაიმარჯვა, თუმცა მაინც მეორე კენჭისყრა მოაწყვეს.
ესპანელთა კაპიტანს ხუმრობის განწყობა ნამდვილად არ ეტყობოდა და საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ალბა კაპიტნის სამკლავურს ჩვეული სულაც არ არის - ნახევარფინალამდე ნაკრებისთვის მხოლოდ ორჯერ უკაპიტნია. გუშინდელ მატჩშიც სამკლავური მოედნიდან ბუსკეტსის გასვლის შემდეგ გადაეცა.
მეორე კენჭისყრამაც გამარჯვებულად კიელინი გამოაცხადა, რომელმაც ის კარი აირჩია, საითაც იტალიელები ისხდნენ. ამ მინი-გამარჯვებით გახარებულმა კაპიტანმა ალბას მეგობრულად უჯიკა, ჩაეხუტა და მხარზე ხელიც შემოარტყა.
საბოლოო ჯამში, კიელინი პენალტების სერიის შემდეგაც იცინოდა. მისმა გუნდმა 11-მეტრიანები მოწინააღმდეგეზე უფრო დამაჯერებლად შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნებამდე საქმე არ მისულა.
ესპანელები პენალტების სერიამდე ზედიზედ მეორე მატჩში მივიდნენ. თუმცა, შვეიცარიასთან გამართული მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად პირველებს არ დაურტყამთ. ესპანეთის ნაკრების ექსმცველი ჟერარდ პიკე მატჩის შემდეგ "ტვიტერზე" კენჭისყრის ფორმატის გამო ცოფებს ყრიდა:
"დიდი მადლობა გუნდს! პენალტების სერია ზოგჯერ ძალიან დაუნდობელია. შემთხვევითი არაა, რომ პენალტების იმ 4 სერიაში, რომლებიც ევრო 2020-ზე იყო და ასევე, კოპა ამერიკაზეც, იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებიც პირველად ურტყამდნენ. სტატისტიკა ამბობს, რომ ვინც პირველად ასრულებს პენალტს, მას მოგების მეტი შანსი აქვს. მე სამართლიანად არ მიმაჩნია, რომ ასეთ ტურნირზე კენჭისყრა უარეს მდგომარეობაში გაყენებს."
მაგრამ, აბა, როგორ უნდა გადაწყდეს, ვინ მივა ბურთთან პირველი?
მომზადებულია sports-ის მიხედვით