დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტური და ფინალური ტურნირის კიდევ სამი მონაწილე გახდა ცნობილი - ნიდერლანდები, რუმინეთი და შვეიცარია.
B ჯგუფში საფრანგეთმა, რომელსაც ევროპირველობის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, ნიცაში მე-18 წუთიდან კაცნაკლული გიბრალტარი არ დაინდო - 14:0. ასეთი ანგარიშით მოგება შესარჩევი ტურნირის რეკორდია. საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მსგავსი ანგარიშით აქამდე არასოდეს გაუმარჯვია. მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და კარიერაში 300 გოლი გაიტანა - 24 წლის ასაკში მესიზე და რონალდოზე მეტი. 17 წლის ზაირ-ემერიმ ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩში გაიტანა, მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მასზე ახალგაზრდულ ასაკში საფრანგეთის ნაკრების რიგებში შვეიცარიელთა კარი 1914 წელს გასტიჟემ დალაშქრა.
ნიდერლანდებმა ვეგორსტის გოლით ამსტერდამში ირლანდიას 1:0 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.
D ჯგუფში თურქეთს საკვალიფიკაციოს ბარიერი დაძლეული აქვს და ბერლინში ამხანაგურ შეხვედრაში გერმანია 3:2 დაამარცხა. ხორვატიამ რიგაში 2:0 სძლია ლატვიას და 13 ქულით მეორე პოზიციაზეა. უელსი ერევანში სომხეთს დაუზავდა (1:1) და 11 ქულით მესამეზეა. 21 ნოემბერს ხორვატია უმოტივაციო სომხეთს, თურქეთი კი უელსს უმასპინძლებს.
I ჯგუფში რუმინეთმა უნგრეთში ისრაელს 2:1 მოუგო და 19 ქულით ლიდერია. შვეიცარია ბაზელში კოსოვოს დაუზავდა (1:1) და 17 ქულით მეორე ადგილზეა. ბელარუსმა ბუდაპეშტში ანდორა 1:0 დაამარცხა. რუმინეთმა და შვეიცარიამ ევრო 2024-ზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიამ ევრო 2024-ზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა.
ასე და ამგვარად გაირკვა ევროპირველობის 24-დან 16 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი და შვეიცარია.