ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება, მოგების შემთხვევაში კი ფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. "შახტარის", კიევის "დინამოსა" და რუმინეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ დაუშვებლად მიიჩნევს ყაზახთა დონის გუნდის კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას.
"ახლა ჩვენ ბევრ გუნდს ვხედავთ, რომლებიც ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ. როდესაც მწვრთნელი ვიყავი, ევროზე რვა გუნდი ასპარეზობდა, რომელთაგან მხოლოდ შვიდმა გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი. ახლა ევროზე 24 გუნდი მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატზე 32 და 48 იქნება. ძალიან პატარა ქვეყნებს, გარემოებათა მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეუძლიათ შესარჩევი რაუნდი გადალახონ.
ყაზახეთი
ევროზე? ეს იქნებოდა რაღაც სრულიად და სრულიად არანორმალური. მართლაც წარმოუდგენელია, რომ უეფა მსგავს რამეს უშვებს, ეს წარმოუდგენელია!"
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩესკუს ნათქვამმა ყაზახები აღაშფოთა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ვახიდ მასუდოვმა რუმინელი სპეციალისტი გააკრიტიკა: "ისე მოჩანს, ლუჩესკუ თავისი სიტყვებით უეფას დისკრედიტაციას უწევს. ჩვენ დანია, ფინეთი და ჩრდილოეთი ირლანდია კაბინეტებში კი არა, მოედანზე დავამარცხეთ. ხომ ნახეთ, რამდენი მაყურებელი ესწრებოდა ამ მატჩებს და როგორი სცენარით განვითარდა. დანიას 0:2-დან თამაში შემოვუტრიალეთ და 3:2 მოვუგეთ, ფინეთთან სტუმრად 0:1-ს ვაგებდით და დავამარცხეთ. ტყუილად როდი აღნიშნავს უეფა, რომ ყაზახეთი ქამბექებში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაძლოა, ლუჩესკუს საშემოდგომო გამწვავება აქვს. ახლა ჩვენთან საფეხბურთო ბუმია. ეს გაგრძელდება. მიუხედავად ყველა საწინააღმდეგო გარემოებისა, მინდა ჩვენი ბიჭები ფინალურ ტურნირზე მოხვდნენ".
ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხაილ გურმანმა კი განაცხადა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელმა, რომელსაც ასაკმა სიბრძნე ვერ შემატა, მთელ ქვეეყანას შეურაცხყოფა მიაყენა, რაც არ უნდა აპატიონ, საკადრისი პასუხი გასცენ, ეს შურის და არაპროფესიონალიზმის ბრალია და ბოდიშის მოხდა მართებს.