რონალდო რეკორდსმენია, ტრავმირებული კვირკველია გადარჩა - ვინ ითამაშებს ევრო 2024-ზე საუდის არაბეთიდან

AutoSharing Option
საუდის არაბეთის ლიგა, რომელმაც სეზონის დაწყების წინ დიდი ინტერესი გამოიწვია, დასრულდა. აქ ხომ არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მოტივატორი კრიშტიანო რონალდო იყო. ყველაფერი იდეალურად არ განვითარდა, მაგალითად, ჯორდან ჰენდერსონი "აიაქსში" "გაიქცა"...

ჩემპიონი "ალ ჰილალი" გახდა, სადაც მაროკოელი მეკარე ბონო, კულიბალი, ნევეში, მილინკოვიჩ-სავიჩი და მიტროვიჩი გამოდიან. რაც შეეხება ლეგენდარულ პორტუგალიელს, რონალდომ ("ალ ნასრი") სარეკორდო, 35 გოლი გაიტანა და 39 წლის ასაკში მეოთხე ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. გავარდნას გადაურჩა საბა კვირკველიას "ალ ახდუდი". 32 წლის ქართველმა მცველმა წინა მატჩში
ზურგის ტკივილი იგრძნო და დასკვნითი ტური გამოტოვა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ სერიოზული არაფერია და ის ნაკრებს შეუერთდება).

ახლა ეს პირველობა ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში განვიხილოთ, თუ ვის უნდა ველოდოთ აქ მყოფთაგან ივნისში გასამართ პირველობაზე. არაბეთიდან 14 ფეხბურთელს ვნახავთ.

პორტუგალია ბევრი წარმომადგენლით

საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან პრო ლიგაში 4 ფეხბურთელია. პორტუგალიელებს ყველაზე დიდი წარმომადგებლობა ჰყავთ.

39 წლის კრიშტიანო რონალდოს შესახებ ბევრს აღარ გეტყვით. "ალ ჰილალშია" 27 წლის ნახევარმცველი რუბენ ნევეში, რომელსაც ჩაშლაც მშვენივრად ეხერხება და გატანაც.

პორტუგალიის ნაკრების რიგებშია 28 წლის შემტევი ოტავიო. ის "ალ ნასრის" წევრია, კრიშტიანოს თანაგუნდელია, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონზე მეტია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, თურქეთის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი მერუჰ დემირალი აქ ერთ-ერთი საუკეთესოა, "ალ აჰლიში", სადაც ფირმინო, მაჰრეზი და "ჩელსის" ექსმეკარე მენდი ასპარეზობენ, "რომადან" წასული იბანიესის მეწყვილეა.

Sportall.Ge

სერბი ვარსკვლავები

სერბეთის ნაკრებს არაბულ ლიგაში მართლაც უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს. 29 წლის ალექსანდრ მიტროვიჩს ინგლისშიც ბევრი გაჰქონდა, ახლა კი ჩემპიონ "ალ ჰილალის" რიგებში 28 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. ის ნაკრებშიც პროდუქტიულია. რაც შეეხება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, "ლაციოდან" მოულოდნელად წასული ფეხბურთელიც "ალ ჰილალშია", უკვე განვლილ სეზონში კი 11 გოლთან ერთად 10 საგოლე პასის ავტორიცაა.

აშკარა ფავორიტი ინგლისის, დანიისა და სლოვენიის ნაკრებების სახით სერბებს ძლიერი მეტოქეები ჰყავთ და ამ ჯგუფში საინტერესო შეხვედრებს ველით.

ქართველის გუნდი ლიდერია...

ევროპის ჩემპიონატზე საუდის არაბეთის კლუბებიდან ყველაზე მეტ წარმომადგენელს "ალ ახდუდი" გააგზავნის. საბა კვირკველიას გარდა, აქ რუმინეთის ნაკრების ორი მნიშვნელოვანი წევრი თამაშობს.

31 წლის ანდრეი ბურკა გამოცდილი მცველია, "კლუჟში" კარგი სეზონები ჰქონდა. რაც შეეხება 29 წლის ფლორიან ტანასეს, ის "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

პორტუგალიელთა მსგავსად, პროფესიული ლიგიდან რუმინეთის ნაკრებში სამ ფეხბურთელს იწვევენ. 30 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი სტანჩიუ "დანკის" ღირსებას იცავს.

ერთმანეთის წინააღმდეგ

ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები ევრო 2024-ზე ერთ ჯგუფში არიან (იტალიასა და ალბანეთთან ერთად). საუდის არაბეთის ლიგაში მოთამაშე ორი ფეხბურთელი, რომლებიც "ალ ნასრიში" თანაგუნდელები არიან და გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ, ერთმანეთს დაუპირისპირდება. 31 წლის ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი საკმაოდ კარგ კარიერას აქ ასრულებს. აი, ესპანელმა აიმერიკ ლაპორტმა სეზონის პირველი ნაწილი "მანჩესტერ სიტიში" გაატარა, სადაც ბილბაოს "ატლეტიკიდან" 2017 წელს გადავიდა და უმნიშვნელო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ლაპორტს საინტერესო ისტორია აქვს, ის საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

"ფურია როხას" დაცვის ცენტრში ლე ნორმანი და ლაპორტი უნდა ვიხილოთ, ალტერნატივა კი ვივიანი და "ახალბედა" "ბარსელონელი" კუბარსი არიან. 

Sportall.Ge

გამოცდილი და სახელოვანი

"ალ იტიფაკს" ევროპირველობაზე ორი წარმომადგენელი ეყოლება, მათგან ერთ-ერთი კი ძალიან გამოცდილი და სახელოვანია. საუბარია ნიდერლანდელ ჟორჟინიო ვაილანდუმზე. 33 ნახევარმცველს მართლაც დასამახსოვრებელი და წარმატებული ევროპული კარიერა ჰქონდა - "ფეიენოორდი", პსვ, "ნიუკასლი", "ლივერპული", პსჟ, "რომა"...

"ალ იტიფაკის" 28 წლის ცენტრალური მცველი ჯეკ ჰენდრი გერმანიის სტადიონებზე იქნება. ის შოტლანდიელთა უკანა ხაზისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა (ბოლოს თბილისში არ უთამაშია).

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება და გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება აქვთ.

altევრო 2024. ხვიჩა რომ არა, საქართველოს არავინ დაასახელებდა - მთავარი ფავორიტები და ფეხბურთელები, რომელთა შეჩერებაც გაუჭირდებათ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
რონალდოს,როგორც ყოველთვის,ქებათა ქება!რეკორდების და გოლების მანქანად რჩება,ამ ასაკშიც კი.კვირკველიას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ალბათ სურვილი ჰქონდა,რონალდოს წინააღმდეგ ეთამაშა,თუმცა ის მაინც შეაჩერებდა?-რონალდო ისეთ ფორმაშია,არა მგონია.ახლა მთავარია საბა გამოჯანმრთელდეს და კონდიციები აღიდგინოს.
სოსო
12:29 28-05-2024
2
კვირკველია გადარჩა და ჩვენ დაგვერხა :(
odala
12:08 28-05-2024
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული