ვიწყებთ მოქმედი ჩემპიონით - ესპანეთის ნაკრებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიზნად კვლავ ტიტულის მოპოვება აქვს. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე წარმოგვიდგენს, რომელიც უკვე პრიმერადივიზიონის მატჩებს უძღვება და, შესაბამისად, ესპანურ ფეხბურთზე თავისი არგუმენტირებული წარმოდგენა აქვს.
მოლოდინი
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩააგდო, ევროპის პირველობაზე მათგან გაცილებით უკეთეს მგონია, რომ ესპანეთის ნაკრები ყველაფერს იმისათვის გააკეთებს, რომ არანორმალურ შედეგს მიაღწიოს - ზედიზედ მესამედ მოიგოს კონტინენტის პირველობა, რაც, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მოვლენა იქნება.
აბსოლუტურად უნდა დაგეთანხმოთ - ვისენტე დელ ბოსკეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ძველი და ახალი თაობის შერწყმა. მან უნდა შეძლოს და ევროპის ჩემპიონატზე ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაატაროს.
მართალია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დელ ბოსკე, ძირითადად, ძველ გვარდიას ეყრდნობოდა, მაგრამ ამის პარალელურად, ახალ ფეხბურთელებსაც აპარებდა მინდორზე. რა თქმა უნდა, ის გვერდს ვერ აუვლის ახალბედებსა და ახალგაზრდებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორი სეზონი აქვთ "ატლეტიკოს" მოთამაშეებს. მოკლედ, დელ ბოსკეს მართლაც რომ უდიდესი არჩევანი აქვს.
ლიდერი
ზემოთაც ვთქვი, რომ ესპანეთის ნაკრებში არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ თუ ლიდერის დასახელებაზე მიდგება საქმე, მე ანდრეს ინიესტას გამოვარჩევ. რა თქმა უნდა, დასრულებული სეზონი ინიესტასათვის საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიცით - როგორ შეუძლია მას მობილიზება გადამწყვეტი შეხვედრებისათვის.რა თქმა უნდა, ჩავის წასვლამ რაღაც ინიესტასაც დააკლო. ეს იყო საერთოდ ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი და ჩვენც ძალიან ბევრი მოგვაკლდა. "ბარსელონას" თამაშს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ახლა ინიესტა შედარებით ნაკლებს წყვეტს შეტევაში - იქ ხომ მესი, ნეიმარი და სუარესი არიან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თამაში არ მისდით, ანდრესი ისევ საკუთარ თავზე იღებს მთავარ როლს.
სუსტი რგოლი
ამ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების სუსტ რგოლად, ერთმნიშვნელოვნად, შეტევას დავასახელებდი. თუ რგოლების მიხედვით განვიხილავთ, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ შეტევის ხაზშია.მეკარის პოზიციაზე ესპანეთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, შესაძლოა, დელ ბოსკემ მაინც იკერ კასილიასის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. იკერი კი ამ ბოლო დროს ბევრ შეცდომას უშვებს.
დაცვაში ესპანეთს არაერთი კვალიფიციური შემსრულებელი ჰყავს. ჩემი აზრით, ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი ვისენტე დელ ბოსკეს საბოლოო არჩევანის გაკეთებას გაურთულებს. რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქაც უამრავი უმაღლესი დონის შემსრულებელია თავმოყრილი.
აი, თავდამსხმელის პოზიციაზე კი ესპანეთს უჭირს. უკვე ვიცით, რომ დიეგო კოშტა ევროზე არ მიჰყავთ. იგივე ბედი ეწია ფერნანდო ტორესს, არადა, ის კარგ ფორმაშია და მიმაჩნია, რომ დელ ბოსკეს უნდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე.
კარგია, რომ შანსი მიეცა არიც ადურისს. ბასკი ახალგაზრდა სულაც არაა, მაგრამ თუნდაც ამ სეზონში მეორე სუნთქვა გაეხსნა. ეგაა, რომ სანაკრებო ასპარეზზე ადურისი შედარებით ნაკლებად გამოცდილია და დიდ ტურნირებზე არასოდეს უთამაშია.
იყო დრო, როცა დელ ბოსკე ნაკრებს გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე ათამაშებდა და ყველაზე წინ სესკ ფაბრეგასი იდგა, მაგრამ არ მგონია, ამჯერადაც ასე იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სესკი ვეღარ არის ძველებურ ფორმაში.
შესაძლო დანაკლისი
არ მგონია, რომ დიეგო კოშტა სერიოზული დანაკლისი იყოს ესპანეთის ნაკრებისათვის. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ვერ გაამართლა ის იმედები, რასაც მასზე ესპანელები ამყარებდნენ. ამაზე მისი სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს.მე უფრო დიდ დანაკლისად სანტი კასორლას მივიჩნევდი, რომელიც ასევე ვერ მიდის ევროფორუმზე. მართალია, ესპანეთს ნახევარდაცვაში უამრავი შემსრულებელი ჰყავს, მაგრამ უნივერსალი კასორლა ნაკრებისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. "არსენალის" შედეგები სწორედ მას შემდეგ გაუარესდა, რაც სანტი დაიმტვრა.
პრობლემა
გეთანხმებით, წლეულს ძალიან გამწვავდა ურთიერთობა "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის. უფრო ზუსტად, ჟერარდ პიკე გამოირჩევა იმით, რომ "ტვიტერსა" თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად წერს პროკატალონიურ სტატუსებს, მწვავე გამონათქვამებს არ იშურებს ესპანეთის ნაკრებისა თუ მადრიდის "რეალის" მისამართით. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთობ პროკატალონიურად არის განწყობილი.თავის დროზე, ლუის არაგონესს მთავარ პლუსად უთვლიდნენ იმას, რომ მან "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის შუღლი ჩააქრო. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, როგორ თამაშობს ასეთი პიკე ესპანეთის ნაკრებში. ამ კითხვის გასაღები, ალბათ, ფეხბურთელების პროფესიონალიზმშია. ვერ დავიჯერებ, რომ პიკე და მისი მეწყვილე სერხიო რამოსი თამაშის შემდეგ ერთად მიდიან ფილმის საცქერად ან სავახშმოდ, მაგრამ მინდორზე ისინი ერთმანეთს იდეალურად უგებენ.
მწვრთნელი
ვისენტე დელ ბოსკეზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, "რეალის" ქომაგები მას წლების განმავლობაში მისტიროდნენ. ესპანეთის ნაკრების სათავეში უმაღლესი დონის მწვრთნელი დგას.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"