ევრო 2016. ესპანეთის ნაკრები: კარვახალს ბედი არ ჰქონია

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ნაკრებს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა და ამის მიზეზი... ესპანური კლუბების წარმატებაა.

მაშინ, როცა ვისენტე დელ ბოსკე ევრო 2016-ისთვის მზადებისთვის პირველ ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს ხვდებოდა, მწვრთნელი ჯერაც ელოდა 6 ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, 6 ფეხბურთელს "რეალიდან" და "ატლეტიკოდან", მილანიდან საღსალამათი ხუთი დაბრუნდა. დანიელ კარვახალმა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო და ცრემლიანმა დატოვა მოედანი.

კვირას ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში განაცხადეს, რომ დაელოდებოდნენ სამედიცინო დასკვნას და თუ "რეალის" მცველის მდგომარეობა არასახარბიელო იქნებოდა, მას "არსენალის" ექტორ ბელერინით ჩაანაცვლებდნენ. კუნთი დაზიანებული აღმოჩნდა და 24 წლის
კარვახალის თამაში ევრო 2016-ზე გამოირიცხა. მისი ტრავმა არ არის ძალზე სერიოზული, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის იგი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. კარვახალს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა.

მას მართლაც ბელერინი ჩაანაცვლებს "ფურია როხას" საბოლოო განაცხადში, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკე ტურნირის ორგანიზატორებს სასტარტო მატჩამდე ზუსტად 10 დღით ადრე, ანუ 31 მაისს გაუგზავნის.

ამხანაგური მატჩი
ესპანეთის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ბოსნია. ეს შეხვედრა ნოლიტოს ბენეფისად გამოდგა, "სელტას" შემტევმა ორჯერ დაამწუხრა ბოსნიელები. ერთი გოლიც შეცვლაზე შესული პედრო როდრიგესის ანგარიშზეა. მაგრამ დელ ბოსკეს ეს მატჩი დასკვნების გაკეთების საშუალებას ვერ მისცემს.

"ფურია როხამ" ისეთი შემადგენლობით ითამაშა, რომლის დიდ ნაწილსაც საერთოდ ვერ ვიხილავთ საფრანგეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, დებიუტი ჰქონდა ნაკრებში 18 წლის მიკელ ოიარზაბალსაც, რომელიც ნაკრების გაფართოებულ სიაშიც არ არის. ბოსნიის ნაკრები პირველი ტაიმის მიწურულიდან 10 კაცით თამაშობდა.

ოიარზაბალის გარდა, ესპანეთის ნაკრებში დებიუტი კიდევ 7 ფეხბურთელს ჰქონდა. ესენი იყვნენ "ვილიარეალის" გოლკიპერი სერხიო ასენხო, "არსენალის" მცველი ბელერინი, აგრეთვე, "ესპანიოლის" მარკო ასენსიო. მეორე ტაიმში, ოარზაბალის გარდა, შემოვიდნენ დებიუტანტები დენის სუარესი, დიეგო ლორენტე, ინიაკი ვილიამსი და პაბლო ფორნალსი. დელ ბოსკე უკვე მეცხრე წელია "ფურია როხას" თავკაცია და მის პერიოდში ესპანეთის ნაკრებში დებიუტი უკვე 68 ფეხბურთელს ჰქონდა.

ნოლიტო: "ესპანეთის ნაკრებში მუდამ თავდაუზოგავად ვთამაშობ. ვცდილობ, საუკეთესოდ წარმოვჩინდე. ვფიქრობ, მაღალ დონეზე ვთამაშობ და ევროპის ჩემპიონატზე შანსს ვიმსახურებ. ამ გამარჯვებამ ძალიან გამახარა, ეს საოცარი გოლი კი დიდხანს მემახსოვრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული