ჰასან სალიჰამიჯიჩი - პოლიგლოტი სპორტული დირექტორი "ბაიერნის" დნმ-ით

AutoSharing Option
"ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ჰასან სალიჰამიჯიჩი მიუნხენური კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

თითქოს გადაწყვეტილი იყო ამ პოსტზე მიროსლავ კლოზეს დანიშვნა, მაგრამ კლუბის ბოსებმა ბოლო წამს სხვანაირად განსაჯეს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ამ პოსტს "რეკორდმაისტერში" მათიას ზამერი იკავებდა.

1998-2007 წლებში სალიჰამიჯიჩმა "ბაიერნის" რიგებში ბუნდესლიგაში 234 მატჩი ჩაატარა, 88-ჯერ კი გუნდის ღირსება საერთაშორისო ასპარეზზე დაიცვა. 2001 წელს მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თებერვლიდან ბოსნიელი კლუბის ელჩი იყო. მისი კონტრაქტი კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

"ჰასანი ძალიან კარგად იცნობს "ბაიერნის" სტრუქტურას. იგი ძალიან მშრომელია,
სერიოზულად არის განწყობილი მუშაობისთვის. ჰასანი ხუთ ენას ფლობს, რაც მას აუცილებლად დაეხმარება საქმეში და ეს წაადგება "ბაიერნსაც". ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"როცა ფეხბურთელი ვიყავი, ყოველ თამაშში, ყოველ ვარჯიშში ასი პროცენტით ვიხარჯებოდი. აი, ზუსტად ასე ვიმუშავებ სპორტული დირექტორის თანამდებობაზეც. ჩემი მისამართი ამიერიდან 24 საათი კვირაში ზებენერ შტრასეა.

საკლუბო სტრუქტურას კარგად ვიცნობ და, რაც მთავარია, მე "ბაიერნის" დნმ მაქვს, ყველაფერს გავიღებ კლუბის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი. თუ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა ბოსნიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული