ბუნდესლიგა. XXIV ტური: ბავარიული სერიების დასასრული

AutoSharing Option
ყველაფერს აქვს დასასრული და შაბათს მიუნხენში შეწყდა "ბაიერნის" ერთბაშად სამი სერია:
პირველი იყო იუპ ჰაინკესის კარიერაში სარეკორდო სერია - ზედიზედ 14 მოგება ოფიციალურ მატჩებში.

მეორე - "ბაიერნის" საშინაო 46-მატჩიანი სერია, როცა რეკორდმაისტერი მინიმუმ ერთ გოლს იტანდა თამაშში. ეს მეოთხე შედეგია გერმანიის ჩემპიონატში. ბოლოჯერ "ალიანც არენაზე" გულშემატკივრებს საკუთარი გუნდის გოლი ნანახი არ ჰქონდათ 2015 წლის 9 მაისს, როცა "ბაიერნმა" 0:1 წააგო "დუისბურგთან".

ამჯერად წაგება არ ყოფილა და მართალია, მიუნხენელები "ჰერტასთან" 14 მატჩია
არ მარცხდებიან, ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. შაბათს, ბერლინელებმა არ მისცეს საშუალება რობერტ ლევანდოვსკის - გაემეორებინა დიადი გერდ მიულერის ერთ-ერთი რეკორდი: 1969-70 წლების ჩემპიონატში მიულერი ზედიზედ 12 საშინაო შეხვედრაში იტანდა მინიმუმ ერთ გოლს.

პოლონელმა ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის გასამეორებლად. მარტო პირველ ტაიმში უფრო მეტჯერ დაარტყა, ვიდრე "ჰერტას" ყველა ფეხბურთელმა ერთად, მაგრამ მაინც ვერ აჯობა ნორვეგიელ იარსტეინს. განსაკუთრებით დასანანი იყო ლევანდოვსკისთვის ის მომენტი, როცა ფინტით მცველი მინდორზე დააწვინა და იდეალური პოზიციიდან მეკარეს გაარტყა ბურთი.

"ფრის მიუხედავად, ჩემმა გუნდმა დღეს კარგი თამაში და კარგი განწყობა აჩვენა. ძალიან აქტიურები ვიყავით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰაინკესმა. - როცა ასეთ მომენტებს ხელიდან გაუშვებ, შემდეგ რთულია ასეთი კარგი დაცვის მქონე გუნდის წინააღმდეგ თამაში. "ჰერტა" ძალიან კარგად მოქმედებდა დაცვაში. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ასეთი ანგარიშის მიუხედავად. არანაირი პრეტენზია არ მაქვს ჩემს გუნდთან. ასეთი დღეებიც არსებობს".

* * *

ტურის სხვა მოვლენებიდან აღვნიშნავთ ბუნდესლიგის მატჩებში მარკუს კრამერის მიერ კარიერაში საჯარიმოს გარედან გატანილ პირველ გოლს. მსოფლიოს ჩემპიონმა შეწყვიტა "გლადბახის" ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.

ამ მოგებით, უმცროსი "ბორუსია" ევროთასების ზონას მიუახლოვდა და იქ შესვლაც შეუძლია, მით უმეტეს, რომ კონკურენტები ქულებს კარგავენ. მაგალითად, "აინტრახტმა" ბოლო ცხრა წელიწადში პირველად წააგო "შტუტგარტთან", რომელიც სამი ტურია გოლს არ უშვებს. ამით "აინტრახტს" მესამიდან მეექვსე ადგილამდე დაშვება დაემუქრა, რადგან ტურში თავიანთი მატჩები ჩასატარებელი ჰქონდათ "ლევერკუზენს", "ლაიპციგსა" და "შალკეს".

საბოლოოდ, "აინტრახტი" დარჩა ოთხეულში. "ლევერკუზენმა" აშკარად მოუკლო და კვირას ვერ გამოიყენა TOP4-ში დაბრუნების შანსი. გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში მესამედ ვერ მოიგო, თან უშუალო კონკურენტთან შინ დამარცხდა. "შალკემ" დებიუტში გახსნა ანგარიში, შემდეგ რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა და მეორე ტაიმში დაასრულა საქმე, რითაც "დორტმუნდს" გაუთანაბრდა.

"ლაიპციგმა" კი შინ სენსაციურად წააგო ბოლოადგილოსან "კიოლნთან" და იმის ნაცვლად, რომ მეორე ადგილზე გადასულიყო, მეექვსეზე დარჩა.

ფაქტები
  • "ვოლფსბურგმა" სეზონში მე-13 ფრე ითამაშა.
  • "ვოლფსბურგს" ბოლო 10 ტურში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "ვოლფსბურგმა" ქულები დაკარგა 13-დან 9 მატჩში, როცა დაწინაურებული იყო ანგარიშში. ეს ლიგის რეკორდია.
  • ანდრეი კრამარიჩმა ბოლო ოთხ მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა.
  • პეტერსენმა მე-12 გოლი გაიტანა ჩემპიონატში და ეს მისი ახალი პირადი რეკორდია.
  • "ჰოფენჰაიმს" 24 ტურის შემდეგ უფრო მეტი გოლი აქვს გაშვებული, ვიდრე მთელი შარშანდელი სეზონის (37) განმავლობაში.
  • "ჰოფენჰაიმმა" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ექვსი ქულა აიღო.
  • "ფრაიბურგს" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
  • შეწყდა "გლადბახის" 4-მატჩიანი წაგებათა სერია.
  • "გლადბახმა" შეწყვიტა სტუმრად 5-მატჩიანი წაგებათა სერია, რომლის დროსაც არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი.
  • "გლადბახმა" ბოლო 5 ტურში პირველი გოლი გაიტანა.
  • მესამე ტურიდან მოყოლებული, "გლადბახმა" პირველად შეცვალა შემადგენლობა წინა ტურთან შედარებით.
  • "შტუტგარტმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
  • "შტუტგარტის" ახალი მთავარი მწვრთნელი თაიფუნ ქორქუთი ოთხი ტურია დაუმარცხებელია - 3 მოგება და 1 ფრე.
  • ქორქუთმა პირველად არ შეცვალა შემადგენლობა წინა მატჩთან შედარებით.
  • "შტუტგარტი" 20 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს "აინტრახტის" წინააღმდეგ.
  • ამ სეზონში მხოლოდ "ბაიერნს" (18) აქვს "შტუტგარტზე" (27) უფრო ნაკლები გოლი გაშვებული.
  • შეწყდა "ბაიერნის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია.
  • შეწყდა "ბაიერნის" საკუთარ მოედანზე 8-მატჩიანი მოგებათა სერია.
  • "ბაიერნი" 34 მატჩია შინ არ მარცხდება. ეს სერია 2016 წლის 12 მარტიდან იღებს სათავეს.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. მხოლოდ გერდ მიულერმა გაიტანა კარიერის პირველ 250 მატჩში უფრო მეტი გოლი - 216 171-ის წინააღმდეგ.
  • "ბაიერნი" 14 მატჩია "ჰერტასთან" არ მარცხდება. მიუნხენელებს 40 წელია არ წაუგიათ შინ ბერლინური კლუბის წინააღმდეგ.
  • "ჰერტას" მხოლოდ ერთი წაგება აქვს ბუნდესლიგის ცხრა გასვლით შეხვედრაში.
  • "ჰამბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
  • "ჰამბურგს" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ჰამბურგს" 11 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
  • "ვერდერმა" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო.
  • "ვერდერი" შინ 7 ტურია არ მარცხდება.
  • "ჰამბურგი" და "ვერდერი" 108-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს არის ბუნდესლიგის გუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება.
  • "შალკემ" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ მეორედ მოუგო "ლევერკუზენს".
  • რალფ ფერმანი ზედიზედ მეასედ მოხვდა "შალკეს" ძირითადში.
  • შტეფან კისლინგმა პირველად ითამაშა მე-13 ტურის შემდეგ.
  • "კიოლნმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.

ბუნდესლიგა. XXIV ტური
მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ბრეკალო (6), 1:1 მუტო (44)

ბაიერნი-ჰერტა 0:0
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა (75. ვიდალი) - რობენი, მიულერი (71. ვაგნერი), რიბერი (68. კომანი), ლევანდოვსკი.

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (57), 1:1 პეტერსენი (66-პენ)

ჰანოვერი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 კრამერი (72)
გლადბახი: ზომერი - ოქსფორდი, გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - კრამერი, ზაკარია (80. ეგბო) - ჰოფმანი, ტ. აზარი (84. ჰერმანი) - შტინდლი, ბობადილია (90. გრიფო).

შტუტგარტი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ტომი (13)

ვერდერი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 ვან დრონგელენი (86-საკ. კარში)

ლევერკუზენი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 ბურგშტალერი (11), 0:2 ბენტალები (89-პენ)
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი (71. კისლინგი), ს. ბენდერი, რეტსოსი - ჰაფერცი, კორი, არანგისი, ვენდელი - ბრანდტი (71. ბელარაბი), ფოლანდი (61. ალარიო), ბეილი.
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მაიერი (49. სტამბული), გორეტცკა (66. ბენტალები), ოშჩიპკა - ემბოლო, დი სანტო, ბურგშტალერი (49. ჰარითი).
გაძევება: კორი (38. ლევერკუზენი).

ლაიპციგი-კიოლნი 1:2
გოლები: 1:0 ოგუსტენი (5), 1:1 კოზიელო (70), 1:2 ბიტენკურტი (77)
ლაიპციგი: გულაში - ბერნარდო, უპამეკანო, ორბანი, კლოსტერმანი - ზაბიტცერი, ფორსბერგი (71. დემე), კამპლი, ლუკმანი (59. პოულსენი) - ოგუსტენი (69. ვერნერი), ბრუმა.

ორშაბათი, 26 თებერვალი
დორტმუნდი-აუგსბურგი 23:30

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
2 მარტი: გლადბახი-ვერდერი.
3 მარტი: შალკე-ჰერტა, აინტრახტი-ჰანოვერი, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰამბურგი-მაინცი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, ლაიპციგი-დორტმუნდი.
4 მარტი: კიოლნი-შტუტგარტი, ფრაიბურგი-ბაიერნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული