რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი და "ბაიერნი" სუპერთასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიაში 2018-19 წლების სეზონი ფრანკფურტში გაიხსნა, სადაც "აინტრახტი" ქვეყნის თასის მფლობელის რანგში გერმანიის სუპერთასისთვის ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, "ბაიერნს" მასპინძლობდა.

გასული სეზონის ბოლოს, გერმანიის თასის ფინალში "აინტრახტმა" სენსაციურად მოუგო "ბაიერნს" - 3:1. მაშინ ფრანკფურტელთა დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმა თავისი მომავალი კლუბი დაამარცხა, ახლა კი ხორვატმა სპეციალისტმა თავის ყოფილ კლუბს მოუგო - 5:0 "ბაიერნის" სასარგებლოდ. ისე გამოვიდა, რომ კოვაჩმა საკუთარ თავს აუღო რევანში შარშანდელი მარცხისთვის.

მატჩი "აინტრახტის" აქტიურობით დაიწყო, რაც პირველ 20 წუთში სამ არაზუსტ დარტყმაში გამოიხატა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ ორი გოლი
მიიღეს რობერტ ლევანდოვსკისგან, რომელმაც ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ამ ერთი მატჩით მოახერხა რეაბილიტაცია. პოლონელი ჯერ ჯოშუა კიმიხის ჩაწოდებისას გაიხსნა დროულად, შემდეგ კი კუთხურისას, სალსედოსა და რიონოვის შეცდომით ისარგებლა და თავით დუბლი შეასრულა. შესვენების შემდეგ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. 54-ე წუთზე მან მცველი საჯარიმოში მოატყუა და ზუსტად დაარტყა.

ამ ჰეთ-თრიკის შემდეგ ლევანდოვსკის სატრანსფერო ფასი ისევ უნდა დაუბრუნდეს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ნიშნულს და, შესაძლოა, მადრიდის "რეალს" ისევ გაუჩნდეს პოლონელის შეძენის სურვილი - დრო კიდევ არის.

სამი გატანილი გოლის მიუხედავად, "ბაიერნი" არ ჩერდებოდა და კინგსლი კომანმა მოედანზე გამოსვლა ზუსტად ხუთ წუთში გოლად აქცია - დავიდ ალაბამ კარის გასწვრივ ჩააწოდა, რიონოვი ჩაჭრისას შეცდა და ფრანგმა შორეულ კუთხეში გაიტანა.

მატჩის მიწურულს, კომანი მარჯვენა ფლანგზე გაიქცა, სალსედო ჩამოიშორა და თავისუფალ ტიაგო ალკანტარას გაუკეთა საგოლე პასი - 5:0.

"ბაიერნმა" ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეშვიდედ მოიგო გერმანიის სუპერთასი. ორივე მაჩვენებელი რეკორდია.

აინტრახტი-ბაიერნი 0:5
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (21), 0:2 ლევანდოვსკი (26), 0:3 ლევანდოვსკი (54), 0:4 კომანი (63), 0:5 ტიაგო ალკანტარა (85)
აინტრახტი: რიონოვი, სალსედო, აბრაამი, ჰასებე, და კოსტა, ტორო, დე გუზმანი (64. რებიჩი), გაჩინოვიჩი, ფაბიანი (64. ბლუმი), ვილემსი, ალე (76. იოვიჩი).
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, მიულერი (64. გორეტცკა), რობენი (58. კომანი), ლევანდოვსკი (72. ვაგნერი), რიბერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული