ბუნდესლიგა. XI ტურის წინ. გერმანული კლასიკა დორტმუნდში

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი თამაში დორტმუნდშია. ის კი არა, ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმდენად დიდია, მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული ჯახი.

ეს საკამათო არ უნდა იყოს - მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" ჯერჯერობით ვერ არის სტაბილური, "დორტმუნდი" კი პირიქით, ბრწყინვალე ფორმაშია, გერმანულ ტიტულზე სწორედ ეს ორი გუნდი ინადირებს.

"დორტმუნდის" ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელია, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შანსი მაინც არსებობს. "ბაიერნში" კი ყველაზე მეტად ის აღშფოთებთ, შეძლებს თუ არა ფეხზე დადგომას არიენ რობენი. მართალია, ჰოლანდიელი ასაკშია, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი
ფიგურაა გუნდისთვის.
ლუსიენ ფავრის კრებულს რაც შეეხება, ის ერთობ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სხვა საქმეა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გუნდს რთული გასვლითი შეხვედრა ჰქონდა "ატლეტიკოსთან", რომელშიც სავსებით სამართლიანად დამარცხდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ "დორტმუნდი" ორი სხვადასხვა სუბიექტია საშინაო და გასვლით შეხვედრაში.

ვარაუდები კი არ წყდება. ბევრის აზრით, თუ "ბაიერნმა" წარუმატებლად ითამაშა, თავისუფლად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს გუნდიდან ნიკო კოვაჩის წასვლის საკითხი. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ბაიერნმა" "ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრაში საშინლად ითამაშა და მხოლოდ ფრეს (1:1) გამორჩა.

"დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის "ბაიერნი" ყოველთვის განსაკუთრებული საჯილდაო ქვაა. ვინ მოთვლის, რამდენი ფეხბურთელი გადაუბირებია "რეკორდმაისტერს" ფინანსურად შედარებით მოკრძალებული რესურსის მქონე მოწინააღმდეგისგან.

ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ისიც, რომ "დორტმუნდის" კარში გატანას ეცდება ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი. ერთი სიტყვით, ლაღი, შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვართ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როცა საქმე გერმანული საკლუბო ფეხბურთის ორ გამოკვეთილ ლიდერს ეხება.

ფაქტები

  • "ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ფორტუნასა" და "ჰერტას" ოთხივე შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "აუგსბურგს" 2015 წლის შემდეგ არ მოუგია "ჰოფენჰაიმისთვის".
  • "შტუტგარტმა" ბოლო 2 შეხვედრაში დაამარცხა "ნიურნბერგი".
  • "გლადბახის" მონაწილეობით ბოლო 11 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ბაიერნმა" ბოლო შეხვედრაში 6:0 მოუგო "დორტმუნდს".
  • "ლაიპციგისა" და "ლევერკუზენს" შორის ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
შაბათი, 10 ნოემბერი
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 18:30
ვერდერი-გლადბახი 18:30
ფრაიბურგი-მაინცი 18:30
ფორტუნა-ჰერტა 18:30
ნიურნბერგი-შტუტგარტი 18:30
დორტმუნდი-ბაიერნი 21:30

კვირა, 11 ნოემბერი
ლაიპციგი-ლევერკუზენი 18:30
აინტრახტი-შალკე 21:00

ბომბარდირები: 7 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი); 6 - მარკო როისი (დორტმუნდი), ანჯეი დუდა (ჰერტა), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაკოო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული