ბუნდესლიგა. XII ტურის წინ: "ბაიერნს" შანსი ეძლევა

AutoSharing Option
გერმანულმა პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა "ბაიერნს". "რეკორდმაისტერი" კარგა ხანია, ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის.

დაცვაში არსებული პრობლემები კი ძალიან თვალსაჩინოა. ამ ტურში ნიკო კოვაჩის მიერ გაწვრთნილ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. თუ სასწაული არ მოხდა, მიუნხენურმა გიგანტმა "ფორტუნას" დამაჯერებლად უნდა სძლიოს.

ძველ ტრავმირებულებს დაემატა არიენ რობენი, თუმცა მინდორზე მისი გასვლის შანსი მაინც არსებობს. ჰოლანდიელი უკვე სოლიდურ საფეხბურთო ასაკშია, მაგრამ გუნდისთვის ჯერაც დიდი ძალაა. გერმანიის ნაკრებში მივლინებული ფეხბურთელები კი ოდნავ მაინც უნდა იყვნენ გადაღლილები ჰოლანდიასთან გამაოგნებელი ფრის (2:2) შემდეგ.

"დორტმუნდმა" ბოლო შეხვედრა წააგო
"მაინცთან" და რა გასაკვირია, რომ ბუნდესლიგის ამჟამინდელ ყოჩს რევანში სწყურია. ამ შეხვედრაში გამორიცხულია დიალოს თამაში. ფრანგი მცველი დაშავებულია. საეჭვოა შმელცერის, აკანჯისა და ბიურკის მინდორზე გასვლაც.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "გლადბახია". ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი გუნდი ძალიან შედეგიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ფავორიტია "ჰანოვერთან" შეხვედრაში. ეგაა, მასპინძლებს რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ დაშავებული.

"ლაიპციგი" ყოჩაღად თამაშობს. გუნდს რთული შეხვედრა ელის "ვოლფსბურგთან". ბოლო დროს ამ გუნდების უშუალო დაპირისპირებები კარგი სანახავი გამოდის და, იმედია, ასე იქნება ამჯერადაც. "ლაიპციგის" სამედიცინო შტაბზეა დამოკიდებული, გავა თუ არა მინდორზე შვედი ემილ ფორსბერგი, ვისაც მცირე ტრავმა აწუხებს.

კიდევ ერთი აღმოჩენა "აინტრახტი" "აუგსბურგს" ეწვევა. სტუმრებს, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეთ. მათ შორისაა გამოცდილი მექსიკელი უკანახაზელი კარლოს სალსიდო.

ფაქტები
  • "ლევერკუზენსა" და "შტუტგარტს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "აუგსბურგმა" ზედიზედ ორ შეხვედრაში მოუგო "აინტრახტს".
  • "მაინცმა" ბოლო მატჩში შეძლო "დორტმუნდის" დამარცხება.
  • "ჰერტასა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "ვოლფსბურგისა" და "ლაიპციგის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ნიურნბერგმა" ბუნდესლიგაში ბოლოს 29 სექტემბერს მოიგო.
  • "ვერდერი" ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში დამარცხდა.
  • "გლადბახი" ბოლო ორ ურთიერთდაპირისპირებაში "ჰანოვერზე" ძლიერი აღმოჩნდა.

ბუნდესლიგა. XII ტური
პარასკევი, 23 ნოემბერი
ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0, 2:0 კევინ ვოლანდი (76, 83)

შაბათი, 24 ნოემბერი
ბაიერნი-ფორტუნა 18:30
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30
აუგსბურგი-აინტრახტი 18:30
მაინცი-დორტმუნდი 18:30
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 18:30
შალკე-ნიურნბერგი 21:30

კვირა, 25 ნოემბერი
ფრაიბურგი-ვერდერი 18:30
გლადბახი-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 9 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 8 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ალასან პლეა (გლადბახი); 7 - თორგან აზარი (გლადბახი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული