ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: რთული გამოცდები

AutoSharing Option
ამ ტურში ბუნდესლიგის თითქმის არც ერთ შეხვედრას არ აკლია ინტრიგა, მაგრამ ორი მატჩი მაინც უნდა გამოვარჩიოთ. დავიწყოთ "დორტმუნდით". ლუსიენ ფავრის მიერ გაწვრთნილი გუნდი "ჰოფენჰაიმს" ეთამაშება.

ვერაფერს იტყვი, გვარიანად რთული თამაში ელის ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს. დორტმუნდელთა სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ მეტოქისგან განსხვავებით, მათ პრაქტიკულად არ აქვთ დანაკლისი. ასეა თუ ისე, ერთმანეთს ხვდება ორი ზეშემტევი გუნდი და სრული საფუძველი გვაქვს, თვალსასეირო სანახაობის მოლოდინი გვქონდეს.

"ბაიერნი" რთულ გამოცდას ჩააბარებს "შალკესთან". გელზენკირხენელები რიგ შემთხვევებში კარგ თამაშებს "შემოაგდებენ" ხოლმე. ასე შეიძლება იყოს ახლაც -
ერთ კონკრეტულ თამაშში წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, "რეკორდმაისტერი" ფავორიტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნიკო კოვაჩის გაწვრთნილ გუნდს შესაძლოა რამდენიმე ლიდერი დააკლდეს. განსაკუთრებული ძალისხმევა მოუწევს "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოაჯანმრთელოს ფრანკ რიბერი და არიენ რობენი.

ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ წინა ტურში "ბაიერნმა" ძალიან მწარე ალიყური (1:3) იწვნია "ლევერკუზენისგან". თუ ჩემპიონობა სურს (და რა თქმა უნდა, სურს), "რეკორდმაისტერმა" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგოს და საერთოდაც, ქულების დაკარგვის დრო აღარ არის.

ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს "ლაიპციგისა" და "აინტრახტის" მატჩისგან. ესეც ორი შემტევი გუნდის დაპირისპირებაა და, წესით, საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ამ გუნდებმა სხვანაირი ფეხბურთი არ იციან.

დიდებულ ფორმაშია "გლადბახი". ეს გუნდი ზედიზედ იგებს თამაშებს და მეორე ადგილზეც არ არის შემთხვევით. თუმცა "ჰერტასთან" იოლი გამოცდა ნამდვილად არ ელის.

ფაქტები
  • "ლევერკუზენმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "მაინცს".
  • "გლადბახმა" მოიგო ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩი.
  • "დორტმუნდსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის უკანასკნელ 8 დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ჰანოვერისა" და "ნიურნბერგის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • საწინააღმდეგო მაჩვენებელი დაფიქსირდა "ლაიპციგისა" და "აინტრახტის" ბოლო 4 თამაშში.
  • "ბაიერნმა" ზედიზედ 3 შეხვედრაში აჯობა "შალკეს".
  • "ვერდერმა" ბოლო 2 მატჩში დაჯაბნა "აუგსბურგი".
  • "ფორტუნასა" და "შტუტგარტის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. XXI ტური
პარასკევი, 8 თებერვალი
მაინცი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი, 9 თებერვალი
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 18:30
ლაიპციგი-აინტრახტი 18:30
გლადბახი-ჰერტა 18:30
ჰანოვერი-ნიურნბერგი 18:30
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30
ბაიერნი-შალკე 21:30

კვირა, 10 თებერვალი
ვერდერი-აუგსბურგი 18:30
ფორტუნა-შტუტგარტი 21:00

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - სებასტიანი ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ბუნდესლიგაში დრო გაჩერდა, თამაშები აღარ იმართება?! საინტერესოა ლორიას კლუბს რა შედეგები აქვს, ლორია როგორ თამაშობს?!
aburjga
17:15 08-02-2019
0

სიახლეები პოპულარული