ბუნდესლიგის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, საჩემპიონო ინტრიგა თითქოს ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მხოლოდ მოჩვენებითია.
საფიქრებელია, რომ "ბაიერნი" არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელს იმ 4-ქულიან უპირატესობას, რომელიც გასულ ტურში მოიპოვა.
"ბაიერნს" რთული საგარეო მატჩი ელის "ლაიპციგთან". იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერს" ამ თამაშში ფეხი დაუცდა, ხოლო "დორტმუნდმა" "ფორტუნას" დამარცხება შეძლო, მაშინ ბოლო ტურს დიდი ინტრიგა შერჩება, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ასე მოხდეს.
"ბაიერნმა" მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა გერმანული სეზონის მეორე ნაწილი და დაიმსახურა ოქროს მედლები. რა თქმა უნდა, "ლაიპციგთან" იოლ გასეირნებას
არავინ ელის, მაგრამ წესით არც არასტაბილურ "დორტმუნდს" უნდა გაუადვილდეს ბოლო ხანს მოღონიერებული "ფორტუნას" ძლევა, მით უმეტეს, ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით არ ითამაშებს დორტმუნდელთა ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი.
გასათამაშებელია ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზური. უკვე ცნობილია, რომ გერმანიას ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე წარმოადგენენ "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ლაიპციგი". დარჩენილ ერთ ვაკანსიაზე კი პრეტენზიას ერთბაშად რამდენიმე გუნდი აცხადებს.
ამ ვაკანსიის შევსების ყველაზე კარგი შანსი აქვს "აინტრახტს". ფრანკფურტელები მომავალ ტურში "მაინცს" შეხვდებიან. ეს ერთადერთი მატჩია, რომელიც კვირას გაიმართება. მიზეზი მარტივია - "აინტრახტი" გუშინ ევროპალიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში "ჩელსის" ეთამაშა...
შანსი აქვს შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენსაც". უშანსოდ არც "გლადბახი", "ვოლფსბურგი" და "ჰოფენჰაიმი" არიან. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონს მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი - "შტუტგარტი". აღარაფერი უშველით "ნიურნბერგს" და "ჰანოვერს".
ფაქტები
- "აუგსბურგისა" და "ჰერტას" ბოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგაში მიჯრით 4 მატჩი მოიგო.
- "ფორტუნამ" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "დორტმუნდის" დამარცხება.
- "ჰანოვერისა" და "ფრაიბურგის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა, ისევე, როგორც ფრედ დასრულდა "ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" უკანასკნელი 2 დაპირისპირებაც.
- "ბაიერნმა" ბოლო მატჩში შეძლო "ლაიპციგის" დამარცხება.
- "ვოლფსბურგმა" ბოლო თამაში მოუგო "შტუტგარტს".
- "აინტრახტისა" და "მაინცის" უკანასკნელი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ბუნდესლიგა. XXXIII ტური
შაბათი, 11 მაისი
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 17:30
დორტმუნდი-ფორტუნა 17:30
ლევერკუზენი-შალკე 17:30
ლაიპციგი-ბაიერნი 17:30
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 17:30
აუგსბურგი-ჰერტა 17:30
ჰანოვერი-ფრაიბურგი 17:30
ნიურნბერგი-გლადბახი 17:30
კვირა, 12 მაისი
აინტრახტი-მაინცი 20:00ბომბარდირები: 22 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 18 - ალკასერი (დორტმუნდი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი); 16 - როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ვერნერი (ლაიპციგი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), ბელფოდილი (ჰოფენჰაიმი), ჰაფერცი (ლევერკუზენი).
ბოლო ტური
18 მაისი: ბაიერნი-აინტრახტი, ვერდერი-ლაიპციგი, ფორტუნა-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ნიურნბერგი, ჰერტა-ლევერკუზენი, მაინცი-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-დორტმუნდი, შალკე-შტუტგარტი, ვოლფსბურგი-აუგსბურგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"