ჰაიდი უკვე 75 წლის გახდა, თუმცა აქამდე არავინ ფიქრობდა რეკორდულ ციფრებზე.
ბოლო 15 წელია, ჰაიდი ბავშვებისა და ვეტერანების შეხვედრებს სჯის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში. მან ყველა
გუნდი იცის, ყველა ფეხბურთელი კი "ფეხბურთის ბებიად" იცნობს.
სრულიად შემთხვევით, ჰაიდის შესახებ ბერლინელმა ჟურნალისტმა შეიტყო. მისი ინიციატივით, მსაჯთა სრული რეესტრი შეამოწმეს, ყველა სოფელში დარეკეს იმის გასარკვევად, თუ რამდენი წლის იყვნენ არბიტრები. ამ პროცესის შემდეგ ბებია ჰაიდი გერმანიის ყველაზე ასაკოვან მსაჯად დაასახელეს, ფეხბურთის ფედერაციამ კი ღირსების ორდენი გადასცა.
1965 წელს, როცა წესების წიგნი უფრო მცირე ზომის იყო, ხოლო ბალახი უფრო მწვანე, ჰაიდი ვეგნერი საფეხბურთო არბიტრი გახდა. მას შემდეგ 1000-ზე მეტ შეხვედრაში იმსაჯა, თუმცა ყველაზე მეტად ვეტერანების შეხვედრებში მუშაობა უყვარს, რადგან ისინი ტრავმის საფრთხეებს აანალიზებენ და უხეშად ნაკლებად თამაშობენ.
ბუნებრივია, ახლა 75 წლის ჰაიდის მთელი მინდვრის აჩქარებებით გათელვა არ შეუძლია, თუმცა ყველა შეხვედრაში 5-დან 8 კილომეტრამდე მაინც დარბის. ამის გარდა, ის წესების ცოდნითა და ფეხბურთელებთან სწორი კონტაქტის დამყარებით უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ხოლმე.
ჰაიდი წელიწადში 3-ჯერ აბარებს გამოცდებს, რათა უახლოესი წესების ცოდნა დაადასტუროს და აქამდე არცერთხელ არ ჩაჭრილა. შეცდომები კი დაუშვია და ერთ-ერთ მათგანზე ახლაც დარდობს.
ეს ადრე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩემპიონატის მატჩში მოხდა, რომელშიც "გრაიფსვალდი" "ჰანზას" ხვდებოდა. ფეხბურთელმა, რომელმაც პენალტის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე გოლი გაიტანა. წესების მიხედვით, ჰაიდის გოლი არ უნდა ჩაეთვალა. მართალია, ამ გოლს მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა 75 წლის არბიტრი ამ შეცდომას მაინც სინანულით იხსენებს.
გასული სეზონის შემდეგ ჰაიდი კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მისი ფიზიკური ფორმა გერმანიის ყველა საფეხბურთო ლიგის ნორმას შეესაბამება და ექიმმა ფეხბურთში დარჩენა ურჩია.
ისე კი, ოდესმე საფეხბურთო ქვეყნის რაობაზე შეკითხვა თუ გაგვიჩნდება, მაშინ ვიცოდეთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ისაა, სადაც 75 წლის ბებიას ექიმი ფეხბურთში დარჩენას ურჩევს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით