21 თებერვალს, ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "პადერბორნი" 3:2 დაამარცხა.
25-ე წუთზე მასპინძლები გნაბრიმ დააწინაურა, 44-ე წუთზე მათი მეკარე ნოიერი საჯარიმოდან გამოსვლისას შეცდა, სრბენიმ საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. 70-ე წუთზე ლევანდოვსკიმ წინ გაიყვანა ბავარიული გუნდი, თუმცა მალე მიხელმა მეორედ დალაშქრა ნოიერის კარი. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლევანდოვსკიმ 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ორივეჯერ პოლონელ თავდამსხმელს საგოლე გადაცემა გნაბრიმ გაუკეთა.
"ბაიერნი" 49 ქულით ლიდერია და 29 თებერვალს, მორიგ ტურში სტუმრად "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში "ჩელსის" შეხვდება.
გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატზე ლევანდოვსკიმ 25 გოლი გაიტანა, მასზე მეტი გოლი ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ იმობილეს (ლაციო) ანგარიშზეა - 26.
მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - პადერბორნი 3:2
გოლები: 1:0 გნაბრი (25), 1:1 სრბენი (44), 2:1 ლევანდოვსკი (70), 2:2 მიხელი (75), 3:2 ლევანდოვსკი (88)