მისაბაძი გერმანია - მდიდარი კლუბები სხვებს ეხმარებიან, "უნიონ ბერლინმა" კი სამაგალითო ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიოში უამრავი პრობლემა წარმოიშვა და გამონაკლისი არც საფეხბურთო სფერო ყოფილა, ხოლო ის გადაწყვეტილებები, რაც გერმანულმა კლუბებმა მიიღეს, ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

პირველი ნაბიჯი ბუნდესლიგის 4-მა ყველაზე მდიდარმა კლუბმა გადადგა. BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია", "ლაიპციგი" და "ლევერკუზენი" მზად არიან 20 მილიონი ევრო გამოჰყონ და იმ გერმანულ კლუბებს დაეხმარონ, რომლებსაც კორონავირუსის გამო სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნათ.

ხოლო მეორე მაგალითი კი, ალბათ, არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ სპორტულ სფეროსაც სცდება. ბერლინის "უნიონის" ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა ბუნდესლიგის შეჩერების პერიოდში
ხელფასების აღებაზე უარი განაცხადეს.

"ჩვენ გამონაკლის შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ჩვენი კლუბის მთავარი მიზანი ფეხბურთია. თუ ის შეწყდება, ეს ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. ბოლო თვეების განმავლობაში ხელმძღვანელობა, პერსონალი და გუნდი თავაუწევლად შრომობდნენ, რათა კლუბი ბუნდესლიგაში ღირსეულად გამოსულიყო. ხელმძღვანელობის სახელით კი, ყველა მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო", - ციტირებს "უნიონის" ვებგვერდი კლუბის პრეზიდენტ დირკ ცინგლერის სიტყვებს.

ბერლინური გუნდისათვის მსგავსი ისტორია უცხო არ არის. რამდენიმე წლის წინ კლუბი დაშლისაგან გულშემატკივრებმა იხსნეს, როცა ბერლინის კლინიკებში სისხლი ჩააბარეს და მიღებული თანხა მთლიანად კლუბის ბიუჯეტში გადარიცხეს.

შეგახსენებთ, "უნიონის" რიგებში ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია გამოდის.



მკითხველის კომენტარები / 2 /
... ""უნიონის" რიგებში ქართველი ფეხბურთელი აკაკი გოგია გამოდის."
სამწუხაროდ არ "გამოდის", ჯერჯერობით მხოლოდ ირიცხება!
გიორგი
16:07 26-03-2020
2

სიახლეები პოპულარული