ლეონ გორეცკა - "ბაიერნის" მთავარი ვარსკვლავი მოედნის ცენტრში?

AutoSharing Option
"ამ მომენტისათვის მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და აბსოლუტური ფავორიტია ჩემპიონობაზე." - ეს დორტმუნდის "ბორუსიის" სპორტული დირექტორის - მიხაელ ცორკის სიტყვებია. დორტმუნდელთა ბოსები, მიუნხენელების საუკეთესოობას თითქმის ყოველი სეზონის დასაწყისში აღიარებენ. ადრე შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ ეს უბრალოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება იყო, თუმცა დღეისათვის ამ განცხადებას ფაქტების კონსტატაცია შეგვიძლია დავარქვათ. ჰანს ფლიკის ხელში "ბაიერნს" სისუსტეები, უბრალოდ, არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა "შალკეს" 8-ბურთიანი სხვაობით განადგურებამ.

მიუნხენელები იმდენად არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, რომ სრულიად თავისუფლად გაუშვეს "ლივერპულში" ტიაგო ალკანტარა, ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე.
"ბავარიამ" ესპანელი იმიტომ არ შეინარჩუნა, რომ სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა ლეონ გორეცკა - პოსტპანდემიური ბავარიული ფეხბურთის მეფე. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი პანდემიისას მთელი გულით გაისარჯა და ახლა რობერტ ლევანდოვსკი აღარ არის "ბაიერნის" მთავარი ბოდიბილდერი. რაც ყველაზე მთავარია, ლეონი ამ საოცარ ფიზიკურ ფორმას იდეალურად იყენებს თამაშებისას.

Sportall.Ge

თვითიზოლაციისას ფეხბურთელი, სტანდარტულად გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, ინდივიდუალური პროგრამითაც ემზადებოდა.
"დრო, რომელიც ადრე დარბაზამდე მისვლაში მეხარჯებოდა, სიმძიმეებთან ურთიერთობისთვის გამოვიყენე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფიზმომზადების მწვრთნელთან კონსულტაციით მოხდა, რომ სისწრაფე არ დამეკარგა. ვფიქრობ, სწორ ბალანსს მივაკვლიე", - ამბობს გორეცკა.
მოკლედ, სახლში ლეონი ძალიან დაუმეგობრდა სხვადასხვა სავარჯიშო ინვენტარს. თვითიზოლაციიდან გამოსულს უბრალოდ მაისურები არ "ეტეოდა ტანზე". ფანებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სოციალური ქსელებიც აფეთქდა.
მისი გარდასახვა არც მის ყოფილ გუნდელებს გამორჩენიათ. გამოხმაურებისაგან თავი ვერ შეიკავა "შალკეში" ლეონის ყოფილმა პარტნიორმა - რომან ნოიშტედტერმა: "ლეონს მივწერე, გამოეგზავნა ჩემთვის ვარჯიშები, რომლებსაც კარანტინის დროს ასრულებდა".
მაგრამ, რა თქმა უნდა, ლეონმა მიუნხენური "საფირმო საიდუმლოება" არ გათქვა.

Sportall.Ge

ფიზიკური კონდიციები მიუნხენში მხოლოდ გორეცკას არ გაუუმჯობესებია. უბრალოდ, მისი შედეგი საოცარია. ბოლო წელს კუნთის მასა ყველა მოთამაშემ მოიმატა. ფელიპე კოუტინიოც კი "მოჩხუბარ ხულიგანს" დაემსგავსა. ამ ყველაფრის უკან კი პროფესორი - ჰოლგერ ბროიხი დგას, მიუნხენელების მთავარი ფიზდამრიგებელი. თუ თომას მიულერს დავუჯერებთ, მოთამაშეებს ისეთი პროგრამა შეუდგინეს, რომ უკლებლივ ყველა მათგანი მზად იყო, ბროიხი ღია კოსმოსში სიამოვნებით გაეშვა. თუმცა მიზანმა გაამართლა მეთოდიკა - მაგალითად, "ბარსელონასთან" შეხვედრაში მიუნხენელებმა 10 კილომეტრით მეტი ირბინეს.
გორეცკას კი ჰქონდა მოტივაცია, რომ ევარჯიშა ფიზიკაზე. ფიზიკური ძალა მას საშუალებას აძლევს, იყოს დომინანტი მინდორზე და მოიგოს საჰაერო ორთაბრძოლები მეტოქის საჯარიმოში. აი, თუკი ლეონი მოინდომებს, ის ნამდვილად მიაღწევს საწადელს. მაგალითად, "შალკეში" თამაშის დროს მას დაუდგინდა კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჰპარავდა როგორც კუნთოვან მასას, ასევე წონას. გორეცკამ კი უარი თქვა რძის პროდუქტზე, სხვადასხვა სახის ხილზე, ხორცსა და გლუტეინზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩადგა შესანიშნავ ფორმაში, დაგლიჯა კონფედერაციის თასზე რუსეთში და 1 წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბაიერნშიც" ამოყო თავი.

Sportall.Ge

ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობისას, ლეონი იშვიათად ხვდებოდა ძირითადში. ხორვატი მწვრთნელი გორეცკას 6 სხვადასხვა პოზიციაზე უშვებდა ხოლმე, სათადარიგოთა სკამიდან. გერმანელს რამდენჯერმა მარცხენა მცველადაც კი მოუწია თამაში. როდესაც მწვრთნელად ფლიკი დაინიშნა, გორეცკამ ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლია, თუ მას სწორად გამოიყენებ. 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა, ბუნდესლიგის ბოლო 11 შეხვედრაში (2019/20 წლების სეზონი).
"ლეონი ინტენსიურად და აგრესიულად თამაშობს პრესინგს, იგებს ბევრ ორთაბრძოლას. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი განვითარებით", - აცხადებს ფლიკი.
ჰანსი ასევე შესანიშნავად იყენებს გორეცკას უნივერსალიზმს. ლეონი უმეტესად კლასიკურ 10 და 6 ნომრებზე გვევლინება. "ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვიცი, რა არის საჭირო ნებისმიერი პოზიციისთვის. გუნდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ყველა აცნობიერებდეს, თუ რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი ამა თუ იმ პოზიციისთვის. მაგალითად, მე შევძლებ 9 ნომერზე თამაშსაც, რადგან ვარჯიშებზე საჭირო ნიუანსები დეტალურად გვაქვს გავლილი", - ეს ბიჭი აშკარად ყველაფრისთვის მზადაა.

Sportall.Ge

25 წლის მოთამაშეში იდეალურად არის შერწყმული: ინტელექტი, ფიზმომზადება და ტალანტი. რალფ რანგნიკი კი მას საუკეთესო "ბოქს-თუ-ბოქს" ნახევარმცველად მიიჩნევს მსოფლიოში. იოახიმ ლიოვი კი ამტკიცებს, რომ ლეონი კარიერაში უკვე ფორმის პიკზე იმყოფება.
ლეონ გორეცკა კი, თუ ასე გააგრძელებს განვითარებას, უახლოეს მომავალში რობერტ ლევანდოვსკის წაართმევს არა მარტო მთავარი ბოდიბილდერის, არამედ "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო შენაძენის წოდებასაც.


ასევე წასაკითხი ბლოგი:

alt"რეალის" საიდუმლო იარაღი. პერესის საუკეთესო ინვესტიცია?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული