ნიუბელს და სომერს "ბაიერნში" მეორე მეკარეობა არ უნდათ - ნოიერი ჯერ ვერ ბრუნდება, რა ხდება მამარდაშვილზე?

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფი მეკარეები, ალექსანდერ ნიუბელი და იან სომერი, არ გეგმავენ, რომ მომავალ სეზონში მე-2 ნომრის სტატუსი ჰქონდეთ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მიუნხენურ გრანდში მომავალ სეზონშიც პირველი კიპერის სტატუსი მანუელ ნოიერს აქვს განაღდებული.

სათქმელია, რომ 37 წლის ვეტერანი ფეხის მოტეხვის შემდეგ ჯერჯერობით მოედანს ვერ დაუბრუნდება. ის "რეკორდმაისტერს" იაპონიაში მოსამზადებელ ტურში ვერ გაჰყვება და ასევე უცნობია, ითამაშებს თუ არა გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც 12 აგვისტოს "ბაიერნი" "ლაიფციგს" უნდა დაუპირისპირდეს.

ნიუბელი გასულ წელს "მონაკოში" იყო განათხოვრებული და
"ალიანს არენაზე" დაბრუნდა. მისით "შტუტგარტია" დაინტერესებული და "შვაბებში" გადასვლის შემთხვევაში, პირველი ნომრის სტატუსსაც დაისაკუთრებს, თუმცა მიუნხენელებს მისი მხოლოდ იჯარით გაშვება უნდათ.

რაც შეეხება სომერს, შვეიცარიელს სამსახურს, სავარაუდოდ, მილანის "ინტერი" შესთავაზებს, რომელიც ანდრე ონანას გარეშე რჩება.

მხოლოდ დროის საკითხია, რომ კამერუნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გახდება, ასეთ შემთხვევაში კი "ნერაძური" ძირითადის კიპერს დაკარგავს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, იზრდება მამარდაშვილის "ბაიერნში" გადასვლის შანსი, მაგრამ როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "რეკორდმაისტერის" კარს მომავალ სეზონშიც მანუელ ნოიერი დაიცავს და ამ ყველაფრის ფონზე, ქართველს კარიერის ამ პერიოდში მეორე მეკარეობა აწყობს?

სხვა საქმეა, რომ ნოიერი 37 წლისაა და ალბათ, ბუცებსაც ლურსმანზე მალე ჩამოჰკიდებს, თანაც გიორგი მასთან ერთად ვარჯიშით ბევრს ისწავლის.

ვნახოთ, ყველაფერს პასუხი მალე გაეცემა და მეკარეთა დიდი გადაადგილებებია მოსალოდნელი...
მკითხველის კომენტარები / 18 /
არ უნდა გადავიდეს ბაიერნში. ფორმას დაკარგავს მეორე ნომრობით. დარჩეს ვალენსიაში ან გადავიდეს იქ სადაც პირველი ნომრობა გარანტირებული ექნება.
გიგა
22:30 14-07-2023
0
არაფერს არ ვერჩი, ყარაბახის სათადარიგოობას ბავარიას სათადარიგოობა არ ჯობია?
ან იმას რას ერჩის
19:06 12-07-2023
3

სიახლეები პოპულარული