ნემანია მანჩესტერელი - ჟოზესგან დაწუნებული ისევ ჟოზესთან მივიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ნემანია მატიჩის ტრანსფერი დაასრულა. სერბი ნახევარმცველი "წითელ ეშმაკებს" 40 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.

საინტერესოა, რომ მატიჩი თავის დროზე ჟოზე მოურინიომ "სტემფორდ ბრიჯზე" ლისაბონის "ბენფიკასგან" 21 მილიონ გირვანქად შეიძინა. პორტუგალიელი ნემანიას თავიდან ძალიან ენდობოდა და თითქმის სულ ძირითადში ჰყავდა გამწესებული, მერე კი, თითქოს, აითვალწუნა.

ლონდონელთა რიგებში ანტონიო კონტეს მისვლის მერე მატიჩმა სასტარტოში ადგილი დაიბრუნა, მან ახალი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა. თუმცა მოგვიანებით, "კონტისიმესთანაც" შეექმნა პრობლემები და გინდ გეუცნაუროთ, გინდ არა, მას ისევ ჟოზემ უხმო და სერბმაც სიამოვნებით მიიღო მოუს მიწვევა.

მატიჩმა
ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი "მანჩესტერის" მესამე შენაძენია ამ სატრანსფერო სეზონში. აქამდე "იუნაიტედმა" 28 წლის სერბის ყოფილი გუნდიდან, "ბენფიკადან" შვედი მცველი ვიქტორ ლინდელიოფი შეიძინა 31 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ და "ევერტონიდან" რომელუ ლუკაკუ დაიმატა, რაც 75 მილიონი დაჯდა.

"ნემანია გუნდური მოთამაშეა. მას აქვს ის ყველაფერი, ის თვისებები, რაც ფეხბურთელისგან გვინდა - სტაბილურობა, პროფესიონალიზმი, ამბიცია…" - განაცხადა მოურინიომ.

"ძალიან ბედნიერი ვარ "მანჩესტერში" გადმოსვლით. კლუბის დიდ ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება და მიხარია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ამ პერიოდში მომიხდა გადმოსვლა. ჟოზე მოურინიოსთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა შესანიშნავი შანსი იყო, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. "ჩელსიში" შესანიშნავი წლები გავატარე და ამისთვის კლუბსა და ფანებს მადლობას ვუხდი. ახლა კი ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ თანაგუნდელებს და როდის დაიწყება სეზონი" - აღნიშნა მატიჩმა.

სათქმელია, რომ სტატისტიკის მხრივ, 2016/17 წლების სეზონი ნემანიასთვის ყველაზე ცუდი იყო ართმევების, ვარდნებისა და მოგებული დუელების საშუალო მაჩვენებლის მხრივ. არადა, 2014/15 წლების სეზონში ამ მაჩვენებლების მხრივ, მატიჩი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და სეზონის გუნდშიც მოხვდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოურინიოს სერბის დიდი იმედი აქვს. იგი ფანებს კიდევ ერთ-ორ ტრანსფერს ჰპირდება, ოღონდ თუ ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული