პრემიერლიგა. I ტური: შექსპირის სპექტაკლი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
* "არსენალმა" ბოლო წუთებში გამოსტაცა გამარჯვება "ლესტერს"...
* 9-კაციანი "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "ბარნლისთან" დამარცხდა...
* დებიუტანტმა "ჰადერსფილდმა" შთამბეჭდავი საგარეო თამაში მოუგო "კრისტალ პალასს"...
* "ლივერპულმა" უკანასკნელ წამებზე გაუშვა ხელიდან 3 ქულა...
* უეინ რუნიმ "ევერტონში" დაბრუნება (გამარჯვების) გოლით აღნიშნა...

არსენალი-ლესტერი
მნიშვნელოვანი მომენტები
მატჩის დიდი ნაწილი "ლესტერის" მწვრთნელ კრეიგ შექსპირის სცენარით მიდიოდა, მაგრამ ეს საქმე ჩაშალა ოლივიე ჟირუმ, ვისთვისაც ასეთი "მკვლელი" ხელობადაა ქცეული...

საერთოდ კი, გარდატეხის მომენტი დადგა 67-ე წუთზე, როცა არსენ ვენგერმა ერთდროულად შეუშვა მოედანზე იგივე ჟირუ და აარონ რემზი.

თავიდან
კი იყო დებიუტანტ ალექსანდერ ლაკაზეტის სადებიუტო გოლი პრემიერლიგაში, თან 94-ე წამზე. ეს მოხდა პირველივე დარტყმით და ბურთთან მეორე შეხებით...
აღსანიშნავია ისიც, რომ ვენგერმა 3 მცველით ითამაშა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამორჩეული მოთამაშე
მართალია, ჯეიმი ვარდიმ დუბლი შეასრულა, მაგრამ უფრო წინ მაინც გრანიტ ჯაკას დავაყენებდით, ვისი ორი საგოლე პასითაც ჯერ რემზიმ გაიტანა, ხოლო მერე ჟირუმ დასვა საბოლოო წერტილი. ამას გარდა, ჯაკამ ყველაზე მეტი, 99 გადაცემა შეასრულა მთელი მატჩის განმავლობაში.

კომენტარი
არსენ ვენგერი ("არსენალის" მწვრთნელი): "ჩვენ ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია დაცვაში თამაში, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც მაღალი დონის მატჩი ჩავატარეთ. შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს საკმარისი კლასი ჰქონდათ საიმისოდ, რომ თამაშის მსვლელობა ჩვენ სასარგებლოდ შეეცვალათ. დარწმუნებული ვარ, ასეთ თამაშს შეუძლია, გააძლიეროს გუნდის, თითოეული ფეხბურთელის რწმენა საკუთარ ძალებში. როცა რთულ სიტუაციაში ხარ, გახსენდება, რომ ანალოგიური მდგომარეობიდან ადრეც დაგიხსნია თავი და მომავალშიც შეძლებ ამის გაკეთებას".

ფაქტები
* პრემიერლიგის სასტარტო მატჩში მეექვსედ გავიდა 7 გოლი. ეს არის მაქსიმუმი, რაც აქამდე ყოფილა.
* "არსენალი" "ლესტერთან" დაუმარცხებელია 22 საჩემპიონატო მატჩში (15 მოგება, 7 ფრე).
* უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში დებიუტი უსწრაფესი გოლით აღნიშნა, იყო ტიევი ბიფუმა ("ვესტ ბრომვიჩი"). ეს მოხდა 2014 წლის თებერვალში, როცა "კრისტალ პალასთან" მატჩის (1:3) მეორე ტაიმი 36 წამის დაწყებული იყო.
* ალექსანდერ ლაკაზეტი "არსენალის" მე-7 ფეხბურთელია კევინ კემპბელის, სტივ ბოულდის, ფრედრიკ ლიუნგბერგის, ემანუელ ადებაიორის, სამირ ნასრისა და თომას ვერმალენის შემდეგ, ვინც თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა.
* ჯეიმი ვარდიმ "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 საპრემიერლიგო მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ჩელსი-ბარნლი
მნიშვნელოვანი მომენტები
ალბათ, ადვილია, მარცხისთვის ჯოხი "ლურჯების" ახალ კაპიტან გარი კეჰილზე გადატეხო, მაგრამ ეს უფრო რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა.

თუმცა იყო ობიექტური მიზეზებიც - დიეგო კოშტა, ფაქტობრივად, წასულია გუნდიდან, ხოლო ედენ აზარი და პედრო ტრავმირებულები არიან...

და მაინც, "ჩელსიმ" ვერაფერი დაუპირისპირა შონ დიჩის ფეხბურთელთა აგრესიულ, დისციპლინირებულ და ენერგიულ მოქმედებებს და პირწმინდად წააგო პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში იმედი გააჩინა დებიუტანტ ალვარო მორატას გოლმა (და საგოლე პასმა), თუმცა მანვე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა ანდრეას კრისტენსენის დარტყმულს ფეხი წაჰკრა და თამაშგარეს მოტივით გოლი არ ჩაითვალა...

გამორჩეული მოთამაშე
უელსის ნაკრების შემტევმა სემ ვოუკსმა ჩემპიონს ორი ბურთი გაუტანა. 27 წლის ფორვარდმა ბოლო 6 პრემიერლიგურ მატჩში 7 გოლი მიითვალა.

კომენტარი
ანტონიო კონტე ("ჩელსის" მწვრთნელი): "კეჰილის გაძევება გადამწყვეტი მომენტი იყო. არ არის ადვილი, როცა 10 კაცით რჩები მოედანზე, ხოლო შემდეგ - ცხრით. თუმცა ახლა ნამდვილად არ მინდა არბიტრის მოქმედებების კომენტირება... ჩვენ საკუთარი თავი დავკარგეთ პირველ ტაიმში. მართალია, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა... მორატა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის და ვხედავ, რომ ის უკვე ეჩვევა ჩვენს ფილოსოფიას".

ფაქტები
* 1968 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ მთავარი ინგლისური ლიგის ზედიზედ მეორე სეზონში მოქმედი ჩემპიონი აგებს სასტარტო მატჩს. შარშან ეს "ლესტერს" მოუვიდა, 1967 წელს - "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო 1968-ში - "მანჩესტერ სიტის".
* "ბარნლიმ" პირველად მოიგო პრემიერლიგის სასტარტო მატჩი.
* "ჩელსი" პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ახალი სეზონის პირველ მატჩში 3 გოლი გაუშვა.
* "ჩელსი" არის პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის სასტარტო მატჩში 2 წითელი ბარათი მიიღო.
* პრემიერლიგის ისტორიაში "ჩელსის" 2 ფეხბურთელი სულ 7-ჯერ გაუძევეს, ხოლო პირველად - 2014 წლის მარტის ("ასტონ ვილასთან") შემდეგ.
* ალვარო მორატა "ჩელსის" 21-ე ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი
მნიშვნელოვანი მომენტები
მართალია, 34-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულმა "ბრაიტონმა" გაცილებით ძლიერ ოპონენტს სერიოზული პრობლემები ვერ შეუქმნა, მაგრამ "სიტი" 70-ე წუთამდე ვერ ახერხებდა გატანას...

მას მერე, რაც დავიდ სილვამ სერხიო აგუეროს საგოლედ უპასა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. "თოლიები" ფსიქოლოგიურად გატყდნენ და მალე ლიუის დანკმა, ფერნანდინიოს ჩაწოდების შემდეგ, საკუთარ მეკარეს... თავურით გაუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტები
* "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო პრემიერლიგის ზედიზედ მე-7 სასტარტო მატჩი, რაც საუკეთესო შედეგია.
* სერხიო აგუერომ პრემიერლიგის 7 სასტარტო მატჩში მე-6 გოლი გაიტანა.
* ლიუის დანკი მე-7 ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში თავის სადებიუტო შეხვედრაში ავტოგოლი გაიტანა.
* პრემიერლიგაში დებიუტის (2010 წლის აგვისტო) შემდეგ დავიდ სილვამ 65-ე საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზეა უეინ რუნი - 51 პასი.
* "ბრაიტონის" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი (27) პასი... მეკარე მეტ რაიანმა შეასრულა.
* "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა გოლი.

უოტფორდი-ლივერპული
მნიშვნელოვანი მომენტები
იურგენ კლოპმა "ლივერპულის" მწვრთნელის პოსტზე თავის მე-100 ოფიციალურ მატჩში არ ათამაშა ფელიპე კოუტინიო. ოფიციალური მიზეზი ზურგის ტრავმაა, თუმცა ეჭვობენ, რომ ბრაზილიელი ფლეიმეიქერის გაყიდვა გადაწყვეტილი ამბავია და კლოპმაც ის ფეხბურთელები დააყენა ძირითადში, ვისი იმედიც მომავალ მატჩებში ექნება...

..."ლივერპული" ორჯერ აგებდა "ვიკარიჯ როუდზე", მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო "რომადან" მოსული მოჰამედ სალაჰის (ვიდრე 3:3 გახდებოდა, მშვენიერი შანსი გაანიავა) გოლით დაწინაურდა კიდეც, მაგრამ...

უკვე დამატებულ დროში მიგელ ბრიტოსმა გამაყაიმებელი გოლი ფრიად საეჭვო ვითარებაში გაიტანა. ლამის კარის ხაზზე, ახლო ძელთან მყოფმა ურუგვაელმა დაბლოკა "ლივერპულის" მეკარე სიმონე მინოლე, სანამ ახალწვეული თანაგუნდელისგან, რიჩარლისონისგან მიიღებდა ბურთს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამორჩეული მოთამაშე
შესანიშნავად ითამაშა რობერტო ფირმინომ, ვინც ჯერ პენალტი შეაგდო, მერე კი სადებიუტო გოლი გაატანინა მოჰამედ სალაჰს. და საერთოდაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში მუდმივად უქმნიდა პრობლემებს მასპინძელთა დაცვას.

კომენტარი
იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "ბოლო გოლი თამაშგარე მდგომარეობა იყო და ლაინსმენს ის აუცილებლად უნდა დაენახა... თუმცა სადღაც ჩვენი ბრალიცაა - როცა ანგარიში 3:2 გახდა, დაცვაში მეტი ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით... მეორე ტაიმში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ბევრი შეცდომაც იყო, რაც პირველი ტურისთვის ნორმალურია".

ფაქტები
* "ლივერპულის" ფორვარდმა სადიო მანემ პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
* 2015/16 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე რობერტო ფირმინომ გაიტანა მეტი გოლი და შეასრულა მეტი საგოლე პასი, ვიდრე "ლივერპულის" სხვა ფეხბურთელმა - 22 გოლი და 15 საგოლე პასი.
* მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" მე-12 ფეხბურთელია, ვინც თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.
* გასული სეზონიდან მოყოლებული, არც ერთ მცველს არ შეუსრულებია იმდენი საგოლე გადაცემა, რამდენიც უოტფორდელ ხოსე ჰოლებასს - 5.

ნიუკასლი-ტოტენჰემი
მნიშვნელოვანი მომენტები
"ტოტენჰემს" არ ჰქონია ბევრი პრობლემა ელიტაში დაბრუნებულ "ნიუკასლთან" საგარეო მატჩში, მით უფრო, რომ მასპინძლები დააღალატა ჯონჯო შელვის (კაპიტნისთვის შეუფერებელმა) საქციელმა, რის გამოც "ჯორდებმა" მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარეს. სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში გადაწყდა კიდეც მატჩი ბედი.

"მამლების" მარჯვენა მცველად, "სიტიში" გაყიდული კაილი უოლკერის ნაცვლად, ითამაშა... კაილი უოლკერ-პიტერსმა, და, სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამორჩეული ფეხბურთელი
უნდა შევაქოთ კრისტიან ერიქსენი, ვისი ორი საგოლე პასით ჯერ დელე ალიმ შეაგდო, მერე ბენ დევისმაც დაამატა...

ფაქტები
* "ტოტენჰემმა" ახლად აღზევებული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 31 მატჩიდან 29 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.
* 2017 წელს დელე ალიმ 13 გოლი გაიტანა. ინგლისელ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ მის თანაგუნდელ ჰარი კეინ აქვს უკეთესი შედეგი - 21.
* 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, კრისტიან ერიქსენს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს - 30.
* "ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 14 მატჩიდან 13 მოიგო (1 წაგება).
* ბენ დევისმა პრემიერლიგის უკანასკნელ ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე წინა 102 შეხვედრაში.
* ჩემპიონშიფიდან გადმოსული ბოლო 10 გუნდიდან არც ერთს არ მოუგია მომდევნო სეზონის პირველი მატჩი პრემიერლიგის ეგიდით.
* "ნიუკასლის" მწვრთნელ რაფა ბენიტესისთვის, პრემიერლიგაში მუშაობის დღიდან, ეს იყო პირველი მარცხი "ტოტენჰემთან". წინა 8 დაპირისპირებაში ბენიტესს "მამლებთან" 5 გამარჯვება და 3 ფრე აქვს.

მანჩესტერი-ვესტ ჰემი
მნიშვნელოვანი მომენტები და გამორჩეული მოთამაშე
რომელუ ლუკაკუმ დუბლით აღნიშნა "მანჩესტერში" თავისი სადებიუტო მატჩი, რითიც მიანიშნა ჟოზე მოურინიოსა და "იუნაიტედის" ფანებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ტყუილად არ მისულა.
ლუკაკუს გარდა, სხვების გამორჩევაც შეიძლება შესანიშნავად მოთამაშე მასპინძლებისგან, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით ჰენრიხ მხითარიანის ორ საგოლე პასს, რომ აღარაფერი ვთქვათ ენტონი მარსიალზე, ვინც მე-80 წუთიდან ითამაშა და იმდენი მოასწრო, ზოგი მთელი სეზონის განმავლობაში რომ ნატრობს - გოლიც გაიტანა და პოლ პოგბასაც გაუმართა ხელი.

შესანიშნავი იყო ნემანია მატიჩიც, რომელიც უზრუნველყოფდა ბურთის ართმევასაც და თავისიანების შეტევაში სწრაფად გადასვლასაც. ყველაზე მეტი პასიც სწორედ 40 მილიონ გირვანქად ნაყიდმა სერბმა გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტები
* რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგის სასტარტო მატჩებში გოლები გაიტანა სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით - "ვესტ ბრომვიჩის", "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის".
* ყველა ტურნირის ჩათვლით, რომელუ ლუკაკუმ ყველაზე მეტი (11) გოლი სწორედ "ვესტ ჰემის" კარში გაიტანა.
* ბელგიელი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-18 ფეხბურთელი, ვინც სადებიუტო მატჩში გამოიჩინა თავი.
* ჟოზე მოურინიომ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მე-9 მატჩი მოიგო - ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოპონენტთან.
* ლუიშ ნანის შემდეგ (2008) ენტონი მარსიალი გახდა "მანჩესტერის" პირველი ფეხბურთელი, ვინც შეცვლაზე შესულმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

პრემიერლიგა. I ტური

არსენალი-ლესტერი 4:3
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (2), 1:1 ოკაზაკი (5), 1:2 ვარდი (29), 2:2 უელბეკი (45), 2:3 ვარდი (56), 3:3 რემზი (83), 4:3 ჟირუ (85)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი (67. ჟირუ), მონრეალი, კოლაშინაცი - ბელერინი, ელნენი (67. რემზი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯაკა - იოზილი, უელბეკი (75. უოლკოტი) - ლაკაზეტი.
მაყურებელი: 59 387

უოტფორდი-ლივერპული 3:3
გოლები: 1:0 ოკაკა (8), 1:1 მანე (29), 2:1 დუკური (32), 2:2 ფირმინო (55-პენ), 2:3 სალაჰი (57), 3:3 ბრიტოსი (90+3)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი (90. გომესი), მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი (86. მილნერი), მანე, ფირმინო (81. ორიგი).
მაყურებელი: 20 407

ჩელსი-ბარნლი 2:3
გოლები: 0:1 ვოუკსი (24), 0:2 ს. უარდი (39), 0:3 ვოუკსი (43), 1:3 მორატა (69), 2:3 დავიდ ლუიზი (88)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი, ბოგა (18. კრისტენსენი/90. მუსონდა) - ბაჩუაი (59. მორატა).
გაძევება: კეჰილი (14. ჩელსი), ფაბრეგასი (81. ჩელსი)
მაყურებელი: 41 616

კრ. პალასი-ჰადერსფილდი 0:3
გოლები: 0:1 ჯ. უარდი (23-საკ. კარში), 0:2 მუნი (26), 0:3 მუნი (78)
მაყურებელი: 25 448
ევერტონი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 რუნი (45)
მაყურებელი: 39 045

საუთჰემპტონი-სუონსი 0:0
მაყურებელი: 31 447
ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 1:0
გოლი: 1:0 ჰეგაზი (31)
მაყურუბელი: 25 011

ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 აგუერო (70), 0:2 დანკი (75-საკ. კარში)
სიტი (3-1-4-2): ედერსონი - კომპანი, სტოუნზი, ოტამენდი - ფერნანდინიო - უოლკერი, დე ბრუინი, დავიდ სილვა, დანილო (68. სანე) - ჟეზუში (78. სტერლინგი), აგუერო (83. ბერნარდო სილვა).
მაყურებელი: 30 415

ნიუკასლი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 ალი (61), 0:2 ბ. დევისი (70)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერ-პიტერსი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (90. უინქსი) - სისოკო (58. სონი), ალი (82. ვანიამა), ერიქსენი - კეინი.
მაყურებელი: 52 077

მანჩესტერ იუნ-ვესტ ჰემი 4:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (33), 2:0 ლუკაკუ (53), 3:0 მარსიალი (87), 4:0 პოგბა (90)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, ბლინდი - მატიჩი, პოგბა - მატა (76. ფელაინი), მხითარიანი (88. ლინგარდი), რაშფორდი (80. მარსიალი) - ლუკაკუ.
მაყურებელი: 74 928

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული