სტივენ ჯერარდი "არსენალის" დამარცხებაში მესუთ იოზილს ადანაშაულებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" ტრადიციულად ყოველთვის უჭირდა "სტოკთან" გასვლაზე თამაში. უკანასკნელი 7 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო. "მეთოფეები" დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (ბურთის ფლობა 64/36 გახლდათ), მომენტებიც ქონდათ, მაგრამ შესანიშნავად გაისარჯა მეკარე მარკ ბატლენდი.

ნაანტრაქტევს პსჟ-დან არენდით აყვანილმა 24 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ხესე როდრიგესმა საიდო ბერაინოს პასი მიიღო და პიოტრ ჩეხის კარი დალაშქრა. სტუმრები ამის შემდეგაც ბევრს უტევდნენ, მათმა დებიუტანტმა ალექსანდერ ლაკაზეტმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. როგორც ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, ის მეტოქის მცველზე
სულ ოდნავ წინ იმყოფებოდა. მოკლედ, არსენ ვენგერის გუნდი დამარცხდა.

შეთავსებით საფეხბურთო ექსპერტად მომუშავე "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავმა სტივენ ჯერარდმა წაგებაში პირველ რიგში "კანონირების" ნახევარმცველი მესუთ იოზილი დაადანაშაულა:

"უფერულად ითამაშა ლონდონელთა პლეიმეიკერმა იოზილმა. იმედი გამიცრუა. ვენგერმა ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ბურთის დაკარგვისას მოედანზე ათნი რჩებიან. როდესაც ბურთს მეტოქე ფლობს, მესუთი თანაგუნდელებს არ ეხმარება. გასვლით მატჩებზე საერთოდ არ ირჯება. უბრალოდ, არ შრომობს.

თითქოს ბურთის დაკარგვისას არ იცის რა გააკეთოს. უნდა მხოლოდ თავისი გუნდის დისპეტჩერი იყოს და შექმნას მომენტები. მსოფლიოს დონის ფეხბურთელები კი ერთსაც აკეთებენ და მეორესაც".

ცნობისათვის, "დეილი მეილმა" იოზილის თამაში 5.5 ბალით შეაფასა, ბატლენდის 9-ით, ხოლო ხესესი 8.5-ით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული