პრემიერლიგა. VI ტურის წინ: კლოპმა რევანშზე უნდა იფიქროს

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტური დიდი მატჩებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, თავისთავად, ყველა დაპირისპირება საინტერესოა, მით უმეტეს - გრანდების მონაწილეობით.

წინა უქმეების შედეგებით ინგლისის ელიტურ ლიგაში მანჩესტერული ტიტანების დომინაცია გამოიკვეთა. "სიტი" და "იუნაიტედი" აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ და ლოგიკურად, ანალოგიური ვითარება უნდა შენარჩუნდეს ამ უქმეებზეც.

პეპ გვარდიოლას გუნდი იმ "კრისტალ პალასს" მასპინძლობს, ვისაც ჯერ არათუ ქულა არ აუღია, გოლიც არ გაუტანია. როი ჰოჯსონი, დიდი ალბათობით, თავის ხელს დაატყობს ამ გუნდს, რომელსაც უკვე მეორე მატჩში გაუძღვება, თუმცა გამომცდელი მეტისმეტად მკაცრია და როგორ
მოაბამენ თავს "არწივები" საშინაო დავალებას, ამის პროგნოზირება წარმოუდგენელია. თუნდაც ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, "ქალაქელებს" ამ გუნდთან პრობლემები, ფაქტობრივად, არ აქვთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას გარეშე სტუმრობს "საუთჰემპტონს", რომელიც მიმდინარე სეზონში "ჩაკეტილ" ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. თამაშის "გახსნის" დიდი მოტრფიალე არც ჟოზე მოურინიოა (მით უმეტეს, საგარეო მატჩებში), ამიტომ "სენტ მერიზე" მეტწილად ბრძოლას ელოდებიან, ვიდრე სანახაობას.

"ტოტენჰემს" ბოლო წლებში უჭირს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და, წესით, გამონაკლისი არც ხვალინდელი თამაში უნდა იყოს. თანაც, "ჩაქუჩებს" ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ.

ადვილი თამაში არ ექნება "ჩელსისაც", მით უფრო, საკადრო პრობლემების ფონზე. ანტონიო კონტეს დისკვალიფიცირებული დავიდ ლუიზისა და ტრავმირებული პედროს გარეშე მოუწევს გამარჯვებაზე ზრუნვა.

"ლესტერი" და "ლივერპული" ბოლო ოთხ დღეში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. სამშაბათს "მელიებმა" "წითლები" ლიგის თასის 1/16 ფინალიდან გააძევეს - 2:0. მაგრამ იურგენ კლოპისთვის პრიორიტეტი მაინც პრემიერლიგაა და შაბათს "კინგ ფაუერზე" უთუოდ რევანშისთვის დაგეშავს ბიჭებს.

ფაქტები
  • "ვესტ ჰემმა" "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში 14-ჯერ დაამარცხა. ამდენი თამაში "ჩაქუჩებს" არც ერთი სხვა მეტოქისთვის არ მოუგიათ.
  • გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება "ტოტენჰემის" ასპროცენტიანი შედეგი პირველ სამ საგარეო სასტარტო მატჩში, რაც ამ კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა.
  • ჰარი კეინმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სულ კი 28 ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემის" ფორვარდის ანგარიშზე 19 გოლია.
  • "მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასს" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9 მოუგო, მათ შორის, ზედიზედ - ბოლო 4.
  • პრემიერლიგის ბოლო 17 მატჩში სერხიო აგუერომ 14 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.
  • პრემიერლიგის 5 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი, რაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
  • "ჩელსიმ" ბოლო 8 გასვლითი პრემიერლიგური მატჩიდან 7 მოიგო. ამ შვიდიდან, "არისტოკრატებმა" 6-ში მინიმუმ 2-2 გოლი მაინც გაიტანეს.
  • "ლივერპულმა" "ლესტერთან" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, თუმცა ეს 2 მარცხი ბოლო 3 მატჩზე მოდის.
  • თუ "ლესტერმა" მოიგო, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა "მელიები" "ლივერპულს" ზედიზედ სამ საშინაო მატჩში დაამარცხებენ.
  • თუ "ლივერპული" წააგებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა იურგენ კლოპი პრემიერლიგაში "ლესტერთან" მესამედ დამარცხდება.
  • ჯეიმი ვარდიმ "ლივერპულის" წინააღმდეგ ბოლო 3 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლი გაიტანა, აქედან 2 - დუბლი.

23 სექტემბერი, შაბათი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი
ბარნლი-ჰადერსფილდი
ევერტონი-ბორნმუთი
მანჩესტერ სიტი-კრისტალ პალასი
საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
სტოკი-ჩელსი
სუონსი-უოტფორდი
ლესტერი-ლივერპული

24 სექტმბერი, კვირა
ბრაიტონი-ნიუკასლი

25 სექტემბერი, ორშაბათი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული