პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: ჟოზე VS პეპი, "იუნაიტედი" VS "სიტი"

AutoSharing Option
გვაპატიონ პრემიერლიგის სხვა კლუბებმა, მაგრამ ინგლისში კვირას ორი ისეთი მატჩია, რომელთა გამოც სხვა ყველა, მათ შორის, ლონდონური დერბიც, გვერდით უნდა გადავდოთ და მხოლოდ ამ ორ თამაშზე ვისაუბროთ.

დავიწყოთ მანჩესტერული ომით. მტრების ჯახში დანდობა გამორიცხულია. მით უმეტეს, ცხრილში ორივე გუნდი კენწეროშია. "სიტი" პირველია, "იუნაიტედი" კი - მეორე.

რა თქმა უნდა, ამ გუნდებს შორის სიტყვიერი ომი უკვე დაიწყო. ამაზე დაწვრილებით აღარ მოვყვებით, რადგან ჩვენი გაზეთის საშუალებით მკითხველი უკვე შეიტყობდა, როგორ დაადანაშაულა ჟოზე მოურინიომ პეპ გვარდიოლა სიცრუეში. პეპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დერბიში
დავიდ სილვას თამაში, მოუმ კი ეს არ დაიჯერა და თქვა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელი იტყუება და ეჭვი არ ეპარება, რომ ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე იქნება.

"სიტის" დიდებული სერია აქვს და, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში რიგით მეორე მანჩესტერული კლუბი მის შეწყვეტას არ აპირებს. თავის მხრივ, მოურინიოს გუნდი ამაყია "არსენალის" გასვლაზე ძლევით და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხასიათი არ წაიხდინოს.
იმედია, მატჩის მნიშვნელობის მიუხედავად, არ ვიხილავთ "ავტობუსს" ჟოზეს შესრულებით. ასე არ იყო "არსენალთან" და ამით ამ შეხვედრამ მხოლოდ და მხოლოდ მოიგო. იმედია, ამჯერადაც ღია, გახსნილ ფეხბურთს ვნახავთ.

როცა "იუნაიტედისა" და "სიტის" დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, ცალკე არ გამოვყოთ უშუალოდ გვარდიოლას და მოურინიოს შორის ღია თუ ფარული ომის ისტორია.

მოურინიო იყო "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში, როცა პეპი ჯერ კიდევ კატალონიური გრანდის მოთამაშე გახლდათ. გავიდა წლები და ისინი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ლა ლიგის მთავარ ბრძოლებში "რეალსა" და "ბარსას" შორის, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი წუთი გვაჩუქა.

კვირას ჟოზეს და პეპის მე-17 უშუალო ჯახია. წინა 16-დან 11 მატჩი მათ ესპანურ წარსულს უკავშირდება. გვარდიოლას საერთო უპირატესობა აშკარაა - 16 მატჩიდან მან 7 მოიგო, სამში დამარცხდა, ხოლო 6 მატჩი ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობაც, ცხადია, მის სასარგებლოდაა - 26:16. ამათგან, ყველაზე შთამბეჭდავი იყო 2010 წლის მატჩი, რომელშიც პეპის "ბარსამ" ჟოზეს "რეალს" შავი დღე აყარა - 5:0.

და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 5 დერბიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა, მაშინ, როცა "ქალაქელებთან" მანამდე ზედიზედ 4 პრემიერლიგური დაპირისპირება ჰქონდა წაგებული.

"ოლდ ტრაფორდზე" გატანილი გოლების რაოდენობით (27), "მანჩესტერ სიტის" თანაბარი მაჩვენებელი აქვს "ჩელსისთან" ერთად და ეს ყველაზე მაღალი შედეგია პრემიერლიგის გუნდებს შორის.

"მანჩესტერ იუნაიტედს" უგრძესი საშინაო დაუმარცხებელი სერია აქვს - 24 მატჩში 14 გამარჯვება (აქედან 8 - ზედიზედ), 10 ფრე და არც ერთი წაგება. სხვათა შორის, ბოლო საშინაო მარცხი "იუნაიტედმა" სწორედ "სიტისგან" იწვნია 2016 წლის სექტემბერში.

თუ "მანჩესტერ სიტი" მოიგებს საკვირაო დერბის, ეს იქნება ამ გუნდის ზედიზედ მე-14 გამარჯვება ინგლისის მთავარ ლიგაში და ამ მაჩვენებლით გაუტოლდება "არსენალს", რომელსაც ანალოგიური მიღწევა 2002 წლის თებერვალ-აგვისტოში ჰქონდა.

გადავიდეთ ლივერპულურ დერბიზე, რომელიც "ენფილდზე" გაიმართება. ოთხშაბათს აქ იურგენ კლოპის გუნდმა ლამაზი შოუ დადგა ჩემპიონთა ლიგაში "სპარტაკის" განადგურებით (7:0). მაგრამ, უდიდესი ალბათობით, ასე ვერ იქნება "ევერტონთან", რომელსაც სათავეში ჩაუდგა სემ ელერდაისი. "კანფეტები" არც ისეთი სუსტები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, ვერ იქნება სუსტი "დიდი სემის" ხელში.

"ლივერპული" კი ბოლო შეხვედრებში ზეშედეგიან ფეხბურთს გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, კლოპის გაწვრთნილი გუნდი მოწინააღმდეგეს არ დაინდობს. ასე რომ, "ევერტონის" უკანახაზელებს დიდი ბრძოლა მოუწევთ მასპინძელი შემტევების შესაჩერებლად.

ისღა დაგვრჩენია, კვირას ბლომად პოპკორნი მოვიმარაგოთ და ამ ორ დიდ მატჩს ჩავუჯდეთ.

წესით, თუ შედეგის ფაქტორმა არ გადაწონა, დიდებული თამაშები უნდა გამოვიდეს.

ფაქტები
  • "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო ხუთ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ბოლო 4 შეხვედრაა, "კრისტალ პალასს" არ წაუგია.
  • "ჰადერსფილდი" და "ბრაიტონი" პრემიერლიგაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
  • "სუონსისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • 4 მატჩია, "სტოკს" "ტოტენჰემისთვის" არ მოუგია.
  • "ლესტერი" ბოლო ოთხ ურთიერთშეხვედრაში უგებს "ნიუკასლს".
  • ყველა ტურნირის ჩათვლით, 14 მატჩია, "ევერტონს" "ლივერპული" არ გაუმწარებია.
  • ბოლო 6 მანჩესტერული დერბიდან ხუთში ორივემ ვერ გაიტანა.

პრემიერლიგა. XVI ტური
შაბათი, 9 დეკემბერი
ვესტ ჰემი-ჩელსი 16:30
ბარნლი-უოტფორდი 19:00
კრ. პალასი-ბორნმუთი 19:00
ჰადერსფილდი-ბრაიტონი 19:00
სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტოტენჰემი-სტოკი 19:00
ნიუკასლი-ლესტერი 21:30

კვირა, 10 დეკემბერი
საუთჰემპტონი-არსენალი 16:00
ლივერპული-ევერტონი 18:15
მანჩესტერ იუნ-მანჩესტ. სიტი 20:30

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული