7 წლის შემდეგ "არსენალი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალისა" და "ჩელსის" პირველი ნახევარფინალური მატჩი ინგლისის ლიგის თასზე "სტემფორდ ბრიჯზე" უგოლოდ დასრულდა, მწვრთნელებმა როტაციას და ექსპერიმენტებს არ მიმართეს და განმეორებით შეხვედრაში საბრძოლო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

"არისტოკრატებმა" დებიუტში აქტიურად შეუტიეს და პედროს გადაცემა აზარმა გამოიყენა. თუმცა, მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - კუთხურის შემდეგ მონრეალის თავით დარტყმული ბურთი ჯერ ალონსოს მოხვდა, მერე რუდიგერს და კარის ბადეში ამოყო თავი.

"მეთოფეები" მოედნის საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტნენ და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. მიუხედავად დიდი ტერიტორიული უპირატესობისა "არისტოკრატები" მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. შესვენებაზე გასვლის წინ იოზილის დარტყმული ბურთი
კრისტენსენს მოხვდა და კარს ასცდა.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და ისევ "რუდიგერის ფაქტორმა იმოქმედა", როდესაც ლაკაზეტს უნდოდა უილშირისთვის პასის მიცემა, ბურთი რუდიგერს მოხვდა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჯაკას მიუვიდა და 2:1.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს გუნდს გოლის გატანა სჭირდებოდა, პასიურად უტევდა, "კანონირებს" კი ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ივობიმ ბურთი მეკარე კაბალიეროს გაარტყა.

ბოლოსკენ "ჩელსიმ" სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა საჯარიმოში შეღწევას მისი ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ, ალონსომ რამოდენიმეჯერ დაარტყა შორიდან და უზუსტობით მხოლოდ გაახალისა მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი.

"არსენალმა" შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და 7 წლის შემდეგ ტურნირის ფინალში ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში 25 თებერვალს ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული