ახალი მწვრთნელები, რეკორდული ტრანსფერი და ნაცნობი სახეები - ხვალ პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი იწყება

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის დაწყებამდე 24 საათზე ოდნავ მეტი რჩება.

10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, პირველ ტურის გახსნით შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლესტერს" უმასპინძლებს.

რა შეიცვალა პრემიერლიგაში, ვინ იქნებიან ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელები - მივყვეთ თანმიმდევრობით.

მწვრთნელთა ცვლილება
რა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევს ლონდონის "არსენალის" თამაში. "მეთოფეთა" რიგებში ლეგენდარული არსენ ვენგერის 22-წლიანი ერა დასრულდა, კლუბი უნაი ემერიმ ჩაიბარა.

მის ხელში "მეთოფეებმა" მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ - ისიც პენალტებში მადრიდის "ატლეტიკოსთან".

ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში ცვლილებები განახორციელა და რამდენიმე ფეხბურთელი მოიყვანა.

მათ შორის, ლუკას ტორეირა, რომელიც ლონდონში გენუის "სამპდორიადან" გადმობარგდა. დაცვის ხაზი კი ემერიმ სოკრატისით და ლიხტშტაინერით გააძლიერა.

"ემირეიტსიდან" აიბარგა ჯეკ უილშირმა. მის გზას მალე უნდა გაუყვეს წესით დენი უელბეკიც.

სპეციალისტების მოსაზრებით, "არსენალი" მომდევნო სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იქნება.

მწვრთნელი შეიცვალა ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმაც. ლონდონის "ჩელსის" თავკაცი მაურისიო სარი გახდა, რომელმაც ანტონიო კონტე ჩაანაცვლა.

იტალიელმა უმალვე თავისი ყოფილი შეგირდი ჟორჯინიო იახლა. ამას გარდა, "არისტოკრატებმა" სატრანსფერო რეკორდი დაამყარეს და კეპა არიზაბალაგაში 80 მილიონი გადაიხადეს, რითაც ესპანელი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარედ აქციეს.
"სტემფორდ ბრიჯზე" ითამაშებენ ასევე მატეო კოვაჩიჩი და მეკარე რობერტ გრინი.

კლუბი დატოვა ტიბო კურტუამ, რომელმაც მადრიდის "რეალში" გადაინაცვლა. შესაძლოა, "ჩელსიდან" ედენ აზარმა და ვილიანმაც აიბარგონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მაურიციო სარისა და უნაი ემერის მუშაობა დიდ ინტერესს იწვევს...

Sportall.Ge

ძველი მწვრთნელები ახალი გუნდებით

სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ტრანსფერი გაჩარხა "მანჩესტერ იუნაიტედმა", თუმცა ჟოზე მოურინიოს ორი ფეხბურთელი კიდევ უნდა.

"ოლდ ტრაფორდზე" გადაინაცვლეს ვეტერანმა მეკარე ლი გრანტმა და 25 წლის ნახევარმცველმა ფრედმა.

მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკები" კიდევ გაძლიერდებიან. "ოცნებების თეატრიდან" აბარგება პოლ პოგბას სურდა, თუმცა ის ჟოზე მოურინიომ არ გაუშვა.

თუ სატრანსფერო ფანჯარაზე პასიურობის გამო ჟოზე მოურინიო წუწუნებს, ხოსეპ გვარდიოლას ამის საფუძველი ნამდვილად არ აქვს.

ის კი არადა, ესპანელმა დამრიგებელმა თქვა, რომ "ეტიჰადის" ბინადრებმა ზაფხულში აქტიურობა დაასრულეს და აღარავის დაიმატებენ.
იქამდე კი მათ საკუთარ რიგებში დიდი ხნის ნანატრი რიად მაჰრეზი იახლეს. "ქალაქელებს" ისედაც კარგი შემადგენლობა ჰყავდათ და ალჟირელი მათ კიდევ უფრო გააძლიერებს.

რა თქმა უნდა, "სიტი" ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი კვლავ იქნება.

ჩემპიონობის ფავორიტი იქნება იურგენ კლოპის "ლივერპულიც". მერსისაიდელებმა ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორიც მეკარე ალისონი, ასევე, სერდან შაქირი და ნაბი კეიტა არიან.

გავრცელებული მოსაზრებით, კლოპმა შემადგენლობა საბოლოოდ დააბალანსა და "ლივერპულიც" ნანატრი ჯილდოსთვის იბრძოლებს.

ბოლოს "ტოტენჰემზეც" ვთქვათ, რომელიც სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე პასიურია და არცერთი ფეხბურთელი არ დაუმატებია.
სპეციალისტები თვლიან, რომ მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებს ძალიან გაუჭირდებათ, თუმცა ისინი ახალ სტადიონზე ითამაშებენ, რაზეც დიდი ფული ჩაიდო და ამაზე ქვემოთ მოგიყვებით...


ცვლილებები
მართალია, "დეზები" საწყის ტურებში კვლავ "უემბლიზე" ითამაშებენ, თუმცა სექტემბრიდან საკუთარ არენაზე გადასვლა შეეძლებათ.

"ტოტენჰემის" ახალი არენა 62,062 ადამიანზე იქნება გათვლილი. ის ასევე ამერიკული ფეხბურთის შეხვედრებსაც უმასპინძლებს.

Sportall.Ge

ახალი სეზონი ახალი ბურთებით დაიწყება, რომლის გამოშვებაც საკუთარ თავზე Nike-მა აიღო

Sportall.Ge

ვიდეოგამეორება
პრემიერლიგამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, დანერგოს თუ არა ვიდეოგამეორების სისტემა.

ფაქტია, ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში პირველი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა და მსაჯებსაც ბევრი შეცდომა ეპარებათ.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რომ ვიდეოგამეორება მატჩებს დინამიკას და სისწრაფეს მოუკლავს, თუმცა სხვა მხრივ, შეცდომების რაოდენობა მოიკლებს.

ინგლისში ვიდეოგამეორება გასულ სეზონში მხოლოდ ერთხელ, სათასო შეხვედრაში გამოიყენეს.

Sportall.Ge

დაბრუნებულები
ინგლისის პრემიერლიგას "კარდიფი", "ვულვზი" და "ფულჰემი" დაუბრუნდნენ. აქედან ორმა - "ფულჰემმა" და "ვულვზმა", სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურა და კარგი გარიგებები გაჩარხა, რასაც ვერ ვიტყვით "კარდიფზე".

მოლოდინი
რა თქმა უნდა, პრემიერლიგაში უდიდესი სანახაობის მომსწრენი გავხდებით. სპეციალისტები თვლიან, რომ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი კვლავ "სიტი" იქნება, რომლის მთავარი კონკურენტიც "ლივერპული" უნდა გახდეს.

სპეციალისტები ასევე თვლიან, რომ ოთხეულისთვის შესაძლოა არა, მაგრამ ევროტურნირებისთვის უნდა იბრძოლოს "ევერტონმა", რომელსაც ახალი მწვრთნელი და ძალიან კარგი ახალწვეულები ჰყავს.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქ "ჰადერსფილდი", "კარდიფი" და "ბორნმუთი" მოიაზრებიან.

მაშ ასე, დიდი საფეხბურთო ზეიმი ხვალ დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ გასული წლის მსგავსად, პრემიერლიგის მატჩების ყურება Silk Sport-ის მეშვეობით შეგეძლებათ.

altზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]