პრემიერლიგა. I ტური: ყველაზე საჩემპიონო [VIDEO]

AutoSharing Option
პარასკევს მსოფლიოს ყველაზე თვალსასეირო ჩემპიონატი დაიწყო. პრემიერლიგის პირველივე ტურში გულშემატკივარმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი იხილა...

სადღაც მართალი იყო...
მაგრად იწვალა "მანჩესტერ იუნაიტედმა", თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. არავინ იცის, რა იქნებოდა, "მელიებს" უფრო ყაირათიანად რომ გამოეყენებინათ საგოლე მომენტები და არბიტრი ანდრე მარინერიც არ შემცდარიყო.

ალექსის სანჩესის დარტყმის შემდეგ "ლესტერის" მცველს ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ ასეთი ეპიზოდები ბოლო დროს ასობით გვინახავს, ამის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი - ძალიან იშვიათად.

ასე იყო თუ ისე, ბურთთან პოლ პოგბა მივიდა. რუსული მუნდიალის გამარჯვებულმა
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ძალიან თავდაჯერებულად შეასრულა და გაახარა მოურინიო, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფრანგი გუნდიდან არ გაექცეს...

ამის შემდეგ "ლესტერის" ჯერი დადგა. დავიდ დე ხეამ ჩაგდებული მუნდიალი არ შეიმჩნია და ურთულესი ბურთები აუღო ჯერ ჯეიმს მედისონს, მერე კი დემარაი გრეის. "იუნაიტედის" რიგებში კი შეაგდო ლუკ შოუმ. ეს იყო ნამდვილი შედევრი - შოუმ ფლანგზე მახვილგონივრული მანევრით გააცურა მეურვე და დროულად წაჰკრა ბურთს ფეხი.

შეხვედრის დასრულებამდე "ლესტერმა" ანგარიში "დაასველა". რიკარდო პერეირას მიერ ჩაწოდებული ბურთი ძელმა აისხლიტა. დე ხეა თითქოს ვერ გაერკვა სიტუაციაში, შეცვლაზე შესული ჯეიმი ვარდი კი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა - 2:1. "ლესტერს" დრო თითქმის აღარ ჰქონდა გადამწყვეტი შტურმისთვის.

"გაგვიჭირდა და ველოდით კიდეც ამას. ჩვენს თამაშში კიდევ ბევრი რამაა გამოსასწორებელი", - თქვა მოურინიომ. მისმა ვიზავი კლოდ პუელმა კი დაიჩივლა - უსამართლოდ დავმარცხდითო. სადღაც მართალი იყო.


სარიმ რიხით დაიწყო
"ჩელსიმ" დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო სეზონი. "არისტოკრატებმა" გასვლით შეხვედრაში ქვა-ქვაზე არ დატოვეს "ჰადერსფილდისგან".

იღბლიანი გამოდგა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ნაპოლის" ექსდამრიგებლის, მაურიციო სარის დებიუტიც.

"ჩელსიში" პირველი გოლი ნგოლო კანტემ შეაგდო. ვილიანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ფრანგმა რაღაც უცნაურად დაარტყა - ბურთი ჯერ მიწაზე დაეცა და მერეღა შევარდა მასპინძელთა კარში.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიზარდა. მარკოს ალონსოს წაქცევისთვის მასპინძელთა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი, რომლის შესრულება "ნაპოლიდან" გუნდში ახლახან მოსულმა ჟორჟინიომ ითავა და ეს დიდოსტატურადაც გააკეთა.

"ჰადერსფილდს" საქმე პედროს გოლმა მოუთავა. "ჩელსიში" ითამაშა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა მეკარე კეპა არისაბალაგამ. დაისვენა ედენ აზარმა, ვინც მხოლოდ შეცვლაზე შევიდა, სამაგიეროდ, ოთხ წუთში მოასწრო პედროსთვის საგოლე პასის გაკეთება.

"დებიუტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ვაცნობიერებ, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი. მადლობა ყველა ჩემს ფეხბურთელს! ისინი ასი პროცენტით და მეტითაც დაიხარჯნენ", - თქვა სარიმ ნამატჩევს.


სენტ ჯეიმს პარკზე ალი აინთო...
ბევრს კი წუწუნებდა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო, ვერავინ დავიმატეთ და ძალიან გაგვიჭირდებაო, მაგრამ ფაქტია - მისმა გუნდმა გამარჯვებით აიღო სტარტი.

მთლიანობაში, "ტოტენჰემი" სჯობდა მეტოქეს, მაგრამ გასაკვირი არც ის იქნებოდა, "ჯორდებს" ამ შეხვედრაში ქულა მაინც აეღოთ. "ტოტენჰემი" კუთხურის შემდეგ დაწინაურდა. ჯერ დავინსონ სანჩესმა იაქტიურა, მერე კი - იან ვერტონგენმა. მისი თავური თითქოს კარში არ შეუშვა მასპინძელთა ჩეხმა მეკარე დუბრავკამ, მაგრამ მსაჯს სპეციალურმა მოწყობილობამ აჩვენა, რომ გოლი იყო.

"ნიუკასლმა" მალევე გაათანაბრა. მეტ რიჩის გადაცემის შემდეგ ყველაზე მაღლა ესპანელი ხოსელუ ახტა და უგო ლორისს ლონდონელთა გადარჩენის იოტისოდენა შანსიც არ ჰქონია. საერთოდ, მეორე ტაიმში მასპინძელი კარგი იყო და მსოფლიოს ჩემპიონ მეკარეს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. იყო ძელიც და ხარიხაც.

"დეზებმა" დელე ალის შედეგიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სერჟ ორიეს გადაცემის შემდეგ შორეულ ძელთან დაუხვედრა ბურთს თავი.

"ეს არ არის ის თამაში, რომლის ნახვაც გვინდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა ვერ მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში იღბალი ბევრს წყვეტს", - ასე შეაჯამა თამაში პოჩეტინომ.


საჩემპიონო თამაში კლოპისგან
თუ ვინმემ აჩვენა საჩემპიონო თამაში პირველ ტურში, ეს იყო იურგენ კლოპის "ლივერპული". მერსისაიდელებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს ამ ზაფხულს საკმაოდ გაძლიერებულ "ვესტ ჰემს". მთელი შეხვედრის განმავლობაში კლოპის ბიჭები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ.

ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა. ამას მოჰყვა სადიო მანეს დუბლი, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა დანიელ სტარიჯმაც შეაგდო. რაც მთავარია, "ლივერპულმა" უაღრესად სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა.

ბრწყინვალედ ითამაშა გუნდის ახალწვეულმა ნაბი კეიტამაც. გვინეელს აქვს იმის პოტენციალი, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცეს.

"კარგი თამაში გამოვიდა, ოღონდ, არავითარი ეიფორია! ეს მხოლოდ დასაწყისია", - ფრთხილობს კლოპი.


გვარდიოლამ ემერის დებიუტი გაუფუჭა
ტურის მთავარ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" ულაპარაკოდ აჯობა "არსენალს". ისეთი თამაში იყო, პეპ გვარდიოლას შეგირდებს უსათუოდ უნდა მოეგოთ. დებიუტი ჩაუმწარდა უნაი ემერის, ვინც ლონდონური კლუბი არსენ ვენგერისგან გადაიბარა.

ზოგადად, ემერის ვერავინ დაემდურება, რადგან გუნდი შენების პროცესშია და ამას დრო სჭირდება. "სიტი" კი ძალიან კარგადაა დაბალანსებული და ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

"ქალაქელებმა" ორი გოლი შეაგდეს და მინიმუმ ხუთი აშკარა მომენტი გაატანეს ქარს.

"ტურის ცენტრალური მატჩი მოვიგეთ და ეს კარგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ საპოვნელი გვაქვს ოპტიმალური სათამაშო კონდიციები, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ", - თქვა გვარდიოლამ.


ფაქტები
  • ლუკ შოუმ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
  • პოლ პოგბას გოლი მე-500 იყო, რომელიც პრემიერლიგაში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდებს გაუტანიათ.
  • ზედიზედ მესამე წელია, "ლესტერი" პრემიერლიგას ხსნის და აგებს.
  • ჰარი კეინმა სხვადასხვა დროს პრემიერლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა აგვისტოში და ერთხელაც არ აუღია მოწინააღმდეგის კარი.
  • რაფაელ ბენიტესი 7-ჯერ შეხვდა მაურისიო პოჩეტინოს და მხოლოდ ერთხელ შეძლო მისი დამარცხება.
  • "ვულვზს" ძირითად შემადგენლობაში 5 პორტუგალიელი ფეხბურთელი ჰყავდა, რაც პრემიერლიგის რეკორდია.
  • "ტოტენჰემის" შემდეგ "ლივერპული" პრემიერლიგის ისტორიაში გახდა მეორე გუნდი, რომელმაც კონკრეტულ მეტოქეს ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაუტანა 4 გოლი.

პრემიერლიგა. I ტური
მანჩესტერ იუნ-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (3-პენ), 2:0 შოუ (83), 2:1 ვარდი (90+2)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - დარმიანი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ფრედი (76. მაკტომინი), ანდრეას პერეირა, პოგბა (84. ფელაინი) - მატა, ალექსის სანჩესი, რაშფორდი (67. ლუკაკუ).

ნიუკასლი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 ვერტონგენი (8), 1:1 ხოსელუ (11), 1:2 ალი (18)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი (88. ამოსი), სისოკო - ლუკას მოურა (68. დემბელე), ერიქსენი, ალი (80. სონი) - კეინი.

ბორნმუთი-კარდიფი 2:0
გოლები: 1:0 ფრეიზერი (24), 2:0 უილსონი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: უილსონი (34. ბორნმუთი)

ფულჰემი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 შლუპი (41), 0:2 ზაჰა (80)

ჰადერსფილდი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 კანტე (34), 0:2 ჟორჟინიო (45-პენ), 0:3 პედრო (80)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი (68. ლოფტუს-ჩიკი) - პედრო (81. მოზესი), ვილიანი (76. აზარი), მორატა.

უოტფორდი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 რობერტო პერეირა (35), 2:0 რობერტო პერეირა (54)

ვულვზი-ევერტონი 2:2
გოლები: 0:1 რიჩარლისონი (17), 1:1 ნევესი (44), 1:2 რიჩარლისონი (67), 2:2 ხიმენესი (80)
გაძევება: იაგიელკა (40. ევერტონი)

ლივერპული-ვესტ ჰემი 4:0
გოლები: 1:0 სალაჰი (19), 2:0 მანე (45+2), 3:0 მანე (53), 4:0 სტარიჯი (88)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა, ვეინალდუმი, მილნერი - სალაჰი (87. სტარიჯი), მანე (82. შაჩირი), ფირმინო (69. ჰენდერსონი).

არსენალი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 სტერლინგი (14), 0:2 ბერნარდო სილვა (64)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, მეიტლან-ნაილსი - გენდუზი, ჯაკა - იოზილი, რემზი, მხითარიანი - ობამეიანგი.
სიტი (4-2-3-1): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, მენდი - გიუნდოგანი, ფერნანდინიო - მაჰრეზი (60. დე ბრუინი), ბერნარდო სილვა, სტერლინგი (87. სანე) - აგუერო (79. გაბრიელ ჟეზუში).

საუთჰემპტონი-ბარნლი 0:0

მომდევნო ტური
18 აგვისტო. კარდიფი-ნიუკასლი, ევერტონი-საუთჰემპტონი, ლესტერი-ვულვზი, ტოტენჰემი-ფულჰემი, ვესტ ჰემი-ბორნმუთი, ჩელსი-არსენალი
19 აგვისტო. ბარნლი-უოტფორდი, მანჩესტერ სიტი-ჰადერსფილდი, ბრაიტონი-მანჩესტერ იუნაიტედი
20 აგვისტო. კრისტალ პალასი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული